ტრაგედია შოვში: მაშველები ცხრა ადამიანს ეძებენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე შემოწმებულია მიწის მასის 60%.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სამაშველო-საძიებო სამუშაოები შოვში, სადაც 3 აგვისტოს გიგანტური მეწყერი ჩამოწვა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ამ დროისთვის ნაპოვნია 24 ცხედარი, აქედან იდენტიფიცირებულია 21. სტიქიის ზონაში დაკარგულ ცხრა ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ჭანჭახისა და რიონის ხეობებში. ადგილზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მისი ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართება. გომელაური პირადად ეცნობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოებს.
სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე შემოწმებულია მიწის მასის 60%. საძიებო ოპერაციის ზონა ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდეა გაფართოებული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, სამხედროები, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.
გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს>>
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0