გომელაური: შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დარჩა ტერიტორიის დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია, დაიგეგმა კიდევ ახალი მიმართულებები, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც რაჭაში იმყოფება.
გომელაურის ინფორმაციით, დღეს სტიქიის ზონაში ნახეს „ჰიუნდაის" მარკის ცარიელი ავტომობილი, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე მიდის სამძებრო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ მიიღეს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ღამეს სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება.
„ვერტმფრენი ჩამოვიდა დღისით, გამოიყვანა ხალხი, რომლებიც შუაში კუნძულზე მოხვდნენ. ამასთან ერთად მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ აუცილებლად", - განაცხადა გომელაურმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 9. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე>>
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ჭანჭახისა და რიონის ხეობებში. ~ საძიებო ოპერაციის ზონა ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდეა გაფართოებული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, სამხედროები, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0