მღებრიშვილი: მონიტორინგის პერიმეტრი გაიზრდება

© Ministry of Defence of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
მღებრიშვილის განცხადებით, ჩქარი დინების გამო მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში ნავები ჩართეს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მდინარე რიონის კალაპოტის მონიტორინგი მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდება, საუბარია პერიმეტრის გაზრდაზე და ხვალ უკვე 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დღეს იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი და დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ეძებენ 11 დაკარგულს.
„ამ დროისთვის 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54-კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ცხედარი სწორედ მონიტორინგის შედეგად იპოვეს.
„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით", განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა>>
მისი თქმით, მდინარის დონე შედარებით დაწეულია და რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები.
მღებრიშვილის განცხადებით, ჩქარი დინების გამო მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავები ჩართეს.
„ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მდინარეში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, რომლებიც კალაპოტიდან ამოქვთ. მათ უტილიზაციას ან დამარხვას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
შოვში მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტების შეფასებით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული>>
სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.
სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.
ყველა ახალი ამბავი
0