ტრაგედია რაჭაში - საქართველოს უცხოეთიდან უსამძიმრებენ

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმაშველები შოვში
მაშველები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული. მაშველები 31 ადამიანს ეძებენ.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართველ ხალხს უცხოეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო მისიები უსამძიმრებენ.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული. მაშველები 31 ადამიანს ეძებენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას.

„სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა საქართველოს რეგიონ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მასიური მეწყრის შედეგად. ვიმედოვნებთ, რომ ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულს უვნებელსა და ჯანმრთელს იპოვიან. ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ", – დაწერა აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარს გამოთქვამს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პრემიერის გადაწყვეტილებით, რაჭაში სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან>>
„ვგლოვობთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ", – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შოვში სტიქიის გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.
„ჩემი გულწრფელი სამძიმარი მოძმე საქართველოს მოსახლეობას, შოვის საკურორტო ზონაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს", – დაწერა სიმონიანმა სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული შინ უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება - პრემიერი>>
რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობაც.
„დამწუხრებული ვართ რაჭის რეგიონში მეწყრის შემდეგ ტრაგიკული მოვლენების გამო. ჩვენი გულითადი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს. გვაქვს ყველა იმ ადამიანის სწრაფი და უსაფრთხო გადარჩენის იმედი, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში იმყოფება", – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.
სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო და საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0