ღარიბაშვილმა ჩინელი ბიზნესმენები თბილისში ფორუმზე მოიწვია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
ფორუმებმა თბილისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებაში, რადგან შექმნა საერთაშორისო არენა მაღალი დონის დიალოგისთვის, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის საქმიანი წრეები „აბრეშუმის გზის“ თბილისის ფორუმზე მოიწვია.
თბილისში „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი 2023 წლის 26–27 ოქტომბერს გაიმართება.

„მსურს გამოვხატო გულწრფელი სიხარული იმის გამო, რომ დღეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჩინურ–ქართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველო 2015 წლიდან წარმატებით ატარებს თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმებს. უკვე ჩატარდა სამი ფორუმი.
„ამ ფორუმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის წინსვლაში, საერთაშორისო პლატფორმის შექმნაში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესსა და საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის საწარმოებლად მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელი დაახლოებით 2 ათასი დელეგატი მიიღებს.
„მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩინური ბიზნეს-წრეები მოვიწვიო ხსენებულ ფორუმზე. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებისთვის მზად არის – პრემიერის განცხადება>>
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წინსვლას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ჩინეთსა დასაქართველოს ბევრი აქვთ საერთო – პრემიერმა ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმი გახსნა>>
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0