საქართველოს ბატონი არ ჰყავს - მმართველი გუნდი ოპოზიციონერს პასუხობს

© AP Photo / Andrew Harnikაშშ-ის და ჩინეთის დროშები
აშშ-ის და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2023
გამოწერა
შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს არ ჰყავს ბატონი, ჩინეთი კი მსოფლიოში წონადი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მომგებიანია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონთან მეგობრობა“.
„შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართველები არცერთ ბატონს არ ჰგუობენ. ეს არის შეურაცხყოფა ჩინეთის ცივილიზაციის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება ექსპანსიონიზმისკენ. ჩინეთს აქვს მიდრეკილება ცივილიზაციური განვითარებისკენ. ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დაძლია სიღარიბე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავიღოთ მაგალითი ამ უზარმაზარი ქვეყნისგან, მისი ძალიან ავტორიტეტული ლიდერისგან“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, აშშ-ის „ბატონად“ მოხსენიება შეურაცხმყოფელია თავად აშშ-სთვის.
„ეს განცხადება, პირველ რიგში, შეურაცხყოფს აშშ-ს, რომელთაც ყველანაირი ძალა და ღონე იხმარეს თავის დროზე, საუკუნეების წინ, რომ აშშ ამ უზარმაზარი სენისგან გათავისუფლებულიყო, რასაც ბატონყმობა ერქვა“, – განაცხადა ოდიშარიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელიწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან. შეხვედრაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია>>>
მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0