ამილახვარი: საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე გადადის

© Ministry of Education and Science of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ფართოვდება თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებითაც, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, რომელიც ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.
როგორც ამილახვარმა განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობას შესძენს.
„ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 40 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.
დღეს ჩინეთში, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბიუსტის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერი: მადლობას ვუხდი ჩინეთის მთავრობას შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის>>
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0