პრემიერი: მადლობას ვუხდი ჩინეთის მთავრობას შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი პეკინში
ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ჩინეთში, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთარობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელიც ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი. გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულება.
„დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს - ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ.
პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სტუდენტებმა კულტურული პერფორმანსები წარადგინეს.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში: შეხვედრები პეკინში გაგრძელდება>>>
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0