სად შევიტანო? ანუ მომავალი პენსიონრის კიდევ ერთი საფიქრალი

© photo: Sputnik / Stringerხანდაზმული ქალი პარკში
ხანდაზმული ქალი პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2023
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემის მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ, დრო მოსაფიქრებლად ერთი თვეა. რა უნდა ვიცოდეთ გადაწყვეტილების მიღებამდე?
ამთავითვე უნდა გაგიმხილოთ, მოცემული სათაური წინამდებარე სტატიის თემატიკის არსს ზუსტად როდი ასახავს. კი, მაგრამ შესწორება ხომ შეიძლებოდა?! − ბრძანებს მკითხველი და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. შენიშვნას გავითვალისწინებ და მომდევნო რამდენიმე სტრიქონით სწორედ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას ვეცდები. კარგს იზამ! − შესაძლოა, მკითხველმა ირონიული ტონით დამაწიოს რეპლიკა. „დაცინვას კაცი არ მოუკლავსო“, ჰოდა ნათქვამს არ შევიმჩნევ, ისე „მივაწვები პირველ ჩვენებას“.
მაშ ასე, მომავალ ასაკით პენსიონერს, უფრო ზუსტად დაგროვებით საპენსიო სისტემაში გაწევრიანებულ საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეს საფიქრალი არ აქვს, მისივე საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით თანხა სად შეიტანოს. კი, მაგრამ რატომ? − ჩამეძიება მკითხველი. შეგახსენებთ, ჩვენში ჩატარებული საპენსიო რეფორმის შედეგად 2019 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. კანონმდებლობით, ორმოც წლამდე დასაქმებულები საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ორმოც წელზე უფროსი დასაქმებულები კი ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ. საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, სისტემაში უკვე 1.444 ათასი ადამიანი ჩაერთო. ყოველი დასაქმებული შემოსავლებიდან საპენსიო ფონდში 2 პროცენტს რიცხავს, კიდევ 2 პროცენტს დამსაქმებელი რიცხავს და სახელმწიფო ამას ასევე 2 პროცენტს ამატებს, თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24 ათას ლარს არ აჭარბებს. თუ დასაქმებულს 24-დან 60 ათასამდე აქვს შემოსავალი, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს ამატებს, ხოლო ამის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემიდან გადის.
ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ივნისის ანგარიშით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა სისტემის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში 49,1 პროცენტი, რეალურმა ამონაგებმა კი იმავე პერიოდში 10,1 პროცენტი შეადგინა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3,63 მილიარდი ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მილიონი ლარია. ასე რომ, დასაქმებულების შემოსავლები უკვე შეტანილია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ახლა საფიქრალი სულ სხვა რამ არის. ნუ დაგვტანჯე, არ იტყვი, რა? − მიმანიშნებს მკითხველი და ის კვლავაც მართალი იქნება. დროა, წინამდებარე სტატიის მთავარ საკითხზე მოგახსენოთ.
მაშ ასე, დაგროვებით საპენსიო ფონდში გაწევრიანებულ დასაქმებულს საფიქრალი აქვს – მისივე დაგროვილი თანხა სად განათავსოს. არავინ იფიქროს, პასუხი ამ კითხვაზე ადვილი იყოს. მიღებული გადაწყვეტილება დაგროვილ თანხაზე შესაძლოა როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად აისახოს. ეს როგორ? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ.
მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან საპენსიო ფონდში სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელი ამოქმედდება. მათ შორის განსხვავება პორტფელის რისკიანობის ხარისხი იქნება, კერძოდ, გაჩნდება მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის პორტფელი.
დასაქმებულები შეძლებენ მათი დაგროვილი თანხა მათთვის სასურველ პორტფელში განათავსონ, თუმცა დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული დასაქმებულები საწყის ეტაპზე სხვადასხვა რისკიანობის პორტფელებში ავტომატურად გადანაწილდებიან. უფრო ზუსტად კი, ორმოც წლამდე ადამიანები მაღალი რისკის პორტფელში მოხვდებიან, ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე ადამიანები – საშუალო რისკის და სამოც წელს ზემოთ ასაკის ადამიანები დაბალი რისკის პორტფელებში განაწილდებიან. დავძენ, რომ ამჟამად საპენსიო აქტივების 80 პროცენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 20 პროცენტი უცხოურ ვალუტაში სწორედ დაბალი რისკის პორტფელშია განთავსებული.
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
რამდენი პენსიონერი უჩივის საპენსიო სესხის პირობებს - ეროვნული ბანკი
მოსაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვეა. ეს დრო შვებულებების პერიოდს ემთხვევა და ვისაც შესაძლებლობა აქვს, ბარში, ზღვისპირას ან მთაში დაისვენოს, ვურჩევ, ორი პროცესი – სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსოს. მინდა ფიქრისკენ მოვუწოდო მათაც, ვინც თავს დასვენების ფუფუნებას ვერ მისცემს.
ერთი სიტყვით, დაგროვებითი საპენსიო ფონდის მომხმარებლებს მათთვის სასურველი პორტფელის არჩევის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე აქვთ. გავბედავ და ვიტყვი, ყოველი არჩევანი ინფორმირებული უნდა იყოს და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც რისკიანობის პორტფელის არჩევაა. ვფიქრობ, ამ კონტექსტში კარგი იქნება, თუ ამთავითვე გავერკვევით, მაინც რას ნიშნავს სხვადასხვა რისკიანობის პორტფელი და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას.
როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, საპენსიო სქემის კანონის დღეს არსებული რედაქციის მიხედვით და ცვლილებების შემთხვევაშიც სქემაში მონაწილე პირებს ექნებათ დაგროვილი თანხის დივერსიფიცირების შესაძლებლობა და ისინი შეძლებენ, რომ დანაზოგის ნაწილი დაბალ რისკიანში, ნაწილი კი მაღალ რისკიანში დააბანდონ. საპენსიო სააგენტოს შესაძლებლობა ეძლევა, დღეს არსებული ჭერი, რომელიც დოლარში სახსრების 20 პროცენტის განთავსებას გულისხმობს, 40 პროცენტამდე გაზარდოს.
„ყველა აქტივის კლასში დანაზოგის ინვესტირებას მნიშვნელოვნად ჯობს აქციებში ინვესტირება, რადგან აქციებს რამდენიმე ათასით უფრო მეტი მოგება აქვს დაწერილი, ვიდრე სხვა აქტივებს. საპენსიო სისტემის მომხმარებელს 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ექნება ღია ფანჯარა არჩევანისთვის, შემდეგ ეს ფანჯარა დაიკეტება, თუმცა სააგენტო კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს და მიღების შემდეგ ეს ფანჯარა კვლავ გაიხსნება პერმანენტულად, და თუ მონაწილეს რისკიანობის პორტფელის შეცვლის სურვილი ექნება, შეცვლის. შემდეგ ისევ ერთი წლით ჩაიკეტება“, − აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.
„თიბისი ბანკის სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
იქნება თუ არა მორიგი რეკორდი ანუ რაზე მიანიშნებს სტატისტიკა?
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული ყველა მონაწილე ინვესტორი თავად ხდება და მას შესაძლებლობა ეძლევა თავად განკარგოს მისივე დაგროვებული თანხა. არის არჩევანის თავისუფლება, თუმცა ისე, როგორც სხვა შემთხვევაში, ამ მიმართულებითაც თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს, ანუ დასაქმებულს მისი გადაწყვეტილების შესაძლო ნეგატიურ შედეგზე პრეტენზია მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს და არა სხვასთან. დამეთანხმებით, ამ ბოლო სენტენციის გააზრება და გათავისება ჩვენში განსაკუთრებით პრობლემურია. ჩვენ ხომ დავეჩვიეთ, წარუმატებლობის მიზეზები მუდმივად ვეძებოთ სხვაგან.
საინტერესოა, რას გვირჩევენ საფინანსო სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები. მათი დიდი უმრავლესობა დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელების შემოღებას ძალიან პოზიტიურად აფასებს, თუმცა, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დასაქმებულებს დეტალურად განუმარტოს საინვესტიციო პორტფელის რისკიანობის განმსაზღვრელი ყველა ფაქტორი. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ორმოც წლამდე დასაქმებულებს ურჩევენ თანხა მაღალი რისკიანობის პორტფელში განათავსონ, რადგან გრძელვადიან პერიოდში დიდი ალბათობაა თანხა გაორმაგდეს. ვისაც პენსიაზე გასვლამდე ხუთი და ნაკლები წელი დარჩა, ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ თანხა დაბალი რისკის პორტფელში განათავსონ. არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ანალიტიკოსები საშუალო რისკიანობის პორტფელს იმ დასაქმებულს ურჩევენ, რომელსაც საპენსიო ასაკამდე ხუთიდან ათ წლამდე უკლიათ. და, ბოლოს, რაღა თქმა უნდა, სპეციალისტების რეკომენდაციები მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელიც, მაგრამ მთავარია, თავადაც გვქონდეს გააზრებული რას და რატომ ვირჩევთ...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0