შსს „პრაიდის“ ფესტივალის ჩასატარებლად უსაფრთხოების ზომებს უზრუნველყოფს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
ფესტივალი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურულ ტერიტორიაზე ჩატარდება და იქ მხოლოდ ის მოხვდება, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ზომას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ფესტივალი ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე დაასრულებს „პრაიდის კვირეულს“ (Tbilisi Pride Week), რომელიც ორგანიზებულია ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებამ ასევე გააკეთა კომენტარი დაგეგმილ კონტრაქციაზე, რომელიც კონსერვატიულად განწყობილმა ორგანიზაციებმა დააანონსეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლგბტ მოძრაობის მიზანი კულტურული კოდის შეცვლაა – რელიგიური კონფესიები>>
ამას გარდა, შსს-მ ცალკე მიმართა მასმედიას და სთხოვა მათ, გაითვალისწინონ პოლიციის მითითებები და კავშირზე იყვნენ სამინისტროსთან.
ფესტივალი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურულ ტერიტორიაზე ჩატარდება და იქ მხოლოდ ის შეძლებს მოხვედრას, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. შსს-მ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალების მობილიზების პირობა დადო.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა.
„დაუშვებელი და მიუღებელია“ - საქართველოს საპატრიარქო ლგბტ-პროპაგანდის შესახებ>>
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებულებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0