„დაუშვებელი და მიუღებელია“ - საქართველოს საპატრიარქო ლგბტ-პროპაგანდის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა, მიაჩნიათ საპატრიარქოში
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, განსაკუთრებით მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ქრისტიანული ფესვების მქონე ქვეყანაში, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
„ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული „ლგბტ კვირეული", რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლგბტქი+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს, თბილისში, პრაიდის კვირეული გაიმართება. ორგანიზაციის თქმით, „თბილისი პრაიდის“ წლევანდელი კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტ-კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს. ე.წ. „ღირსების მარში“ უკვე მეორე წელია არ ტარდება, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ.
როგორც საპატრიარქოში მიაჩნიათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.
„ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში მათ ცნობიერებაზე ძალადობაა, აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია.
„ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლგბტ საკითხზე ღია დისკუსია დავიწყოთ: პრემიერის ინიციატივა >>
ცოტა ხნის წინ ლგბტ-პროპაგანდის თემა საქართველოში კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც McDonald's-ის „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში სასაჩუქრე წიგნი გამოჩნდა, რომელშიც მოთხრობილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრებაზე, მის და დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობასა და შვილების შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". იმავე დღის ბოლოს წიგნები სასაჩუქრე ნაკრებიდან ამოიღეს.
საქართველოს საპატრიარქომ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდა დაგმეს.
ყველა ახალი ამბავი
0