ლგბტ მოძრაობის მიზანი კულტურული კოდის შეცვლაა - რელიგიური კონფესიები

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaსაქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები
საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ე.წ. ლგბტ მოძრაობის ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა, რასაც ქართული საზოგადოება არ შეეგუება, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოსა და ქვეყანაში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები მეტეხის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს. ამაზე დაკვირვება შესაძლებელია იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ამ მოძრაობამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიდგა ფეხი.

„ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ამ მოძრაობის ნამდვილი მიზანი არ არის ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კარგად ჩანს ამ პროპაგანდის დაწყების მცდელობა ბავშვებში საქართველოში, აღნიშნა მან.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა. ეს საკითხი განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას. ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად მკაფიოდ აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა მან.

„ხმამაღლა ვაცხადებთ: ამ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ერთად ვქმნიდით თანაცხოვრების კულტურას, რომელშიც სიღრმისეულად არის გამჯდარი ურთიერთპატივისცემაც და ურთიერთმიმღებლობაც. ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მეტეხის ტაძრის ეზოდან კარგად მოჩანს ჩვენი სამოქალაქო კულტურის შტრიხები, რომლებიც სრულიად განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის მქონე ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში საერთო სახელმწიფოს მშენებლობისა და თანაცხოვრების უნიკალური მაგალითია.
ლგბტქი+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. ორგანიზაციის თქმით, „თბილისი პრაიდის“ წლევანდელი კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტ-კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს. ე.წ. „ღირსების მარში“ უკვე მეორე წელია არ ტარდება, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ.
„დაუშვებელი და მიუღებელია“ - საქართველოს საპატრიარქო ლგბტ-პროპაგანდის შესახებ>>
ცოტა ხნის წინ ლგბტ-პროპაგანდის თემა საქართველოში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც McDonald's-ის „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში სასაჩუქრე წიგნი გამოჩნდა, რომელშიც მოთხრობილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრებაზე, მის და დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობასა და შვილების შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". იმავე დღის ბოლოს წიგნები სასაჩუქრე ნაკრებიდან ამოიღეს.
საქართველოს საპატრიარქომ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდა დაგმეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0