საშინაო საქმეებში ჩარევა: საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2023
გამოწერა
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას, მიაჩნიათ საგარეო უწყებაში.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო – დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით და წუხს კიევის ამ ნაბიჯის გამო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".

„სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა, მიაჩნიათ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი, თანაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა დროსაც სააკაშვილს უარი ეთქვა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევის გადაწყვეტილება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასეს.
სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე >>

„ასეთი განვითარების ფონზე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში იმედოვნებენ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ.
საქართველოს ხელისუფლება სანქციების და სააკაშვილის საკითხზე კრიტიკოსებისგან ბოდიშს ელოდება>>
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ყველაზე მძიმე წუთებშიც კი უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
„აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა დღეს კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას, ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - კობახიძე>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა>>
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0