რატომ დაამუხრუჭა ეროვნულმა ბანკმა?

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, გასული სამუშაო კვირა ქვეყნის შიგნით თუ ფარგლებს გარეთ განვითარებული მოვლენებით, რბილად რომ ვთქვათ, უფერული არ იყო. დაწყებული პოლიტიკით და დამთავრებული, რითაც გნებავთ თუ პირიქით... ვაღიარებ, ყოველი მათგანი თქვენს მაღალ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა, პოლიტიკურ პროცესებზე ქართული ანალიტიკის შემხედვარე, აზრის გიგანტებთან გაჯიბრებას დიდი ხანია მოვეშვი და ინტერესის სფეროდ საფინანსო-ეკონომიკური სისტემა გამოვკვეთე. გამონაკლისი არც წინამდებარე სტატია იქნება. მომდევნო სტრიქონებით ივნისის თვის მესამე დეკადის დასაწყისში ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოვეხმაურები.
მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობამ ჯერ კიდევ 13 ივნისს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა, მიიღო „ქართული ოცნების" კანონპროექტის პირვანდელი ვერსია. შედეგად, თუ აქამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა, კანონში შეტანილმა ცვლილებამ საბანკო სექტორის მარეგულირებელ უწყებაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გააჩინა, რომელსაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრა. ცხრა დღის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭო შეიკრიბა და პირველ ვიცე-პრეზიდენტად ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა აირჩია.
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
წელიწადში მეორედ: საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადახედავს
„ეროვნული ბანკის მთავარი პოლიტიკა არის და იქნება მონეტარული პოლიტიკა. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ფინანსური სტაბილურობა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გზით დაუპირისპირდა გლობალურ გამოწვევას, როგორიც არის ინფლაცია, ამ კუთხით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ბოლო პერიოდში ინფლაცია დაღმავალია. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, და ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუცია, კვლავაც გააგრძელებს ადეკვატურ მონეტარულ პოლიტიკას“, − განაცხადა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წუთში გამართულ ბრიფინგზე. ამავე დროს ნათია თურნავა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებსა და განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის პოლიტიკური აჟიოტაჟი, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ პირველ ვიცე-პრეზიდენტად მის არჩევას მოჰყვა.
„მე წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, რომელიც არის აპოლიტიკური სტრუქტურა. ამიტომ თავს შევიკავებ მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებისგან. მინდა ვთქვა, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც არ არის ნამდვილად ჯანსაღი, ჩვენ შეიძლება მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად. ამის უფლებას არავის მივცემთ. ვინმეს თუ სჭირდება დამტკიცება, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა. ეროვნული ბანკი არის სრულიად დეპოლიტიზებული. ბევრი ძალისხმევა დასჭირდა მის დეპოლიტიზაციას და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ“, − განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა
რა ვადით მოუწევს ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, საბოლოოდ ვინ ჩაიბარებს უწყების პირველი პირის სავარძელს და როგორ განვითარდება პროცესები საბანკო სექტორის მარეგულირებელში, ამას დრო გვიჩვენებს. მე კი მანამდე ეროვნულ ბანკში მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების თაობაზე გიამბობთ.
ეროვნული ბანკის საბჭოს შეკრებამდე და პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევამდე ერთი დღით ადრე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით მეოთხე შეკრება იყო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რომელიც ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას შეიმუშავებს და ფასების სტაბილურობისა თუ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის, ან მასთან მიახლოებულ დონეზე შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებებს გეგმავს, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10,5 პროცენტის ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, გლობალური გამოწვევის – მზარდი, ორნიშნა ინფლაციის ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 2,5 პროცენტული პუნქტით, 11 პროცენტამდე გაზარდა, რითაც მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. მომდევნო 14 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა და მხოლოდ მაისის თვეში გამართულ სხდომაზე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით შემცირების, ანუ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის გადაწყვეტილება. მაშინ ანალიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეროვნული ბანკი უახლოესი თვეების განმავლობაში კვლავ განაგრძობდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, თუმცა ამჯერად პროგნოზები არ გამართლდა.
საინტერესოა, ეროვნულ ბანკში როგორ განმარტეს მიღებული გადაწყვეტილება, რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, ინფლაციას საქართველოში შემცირების ტენდენცია აქვს. წლიურ ჭრილში ინფლაცია მიმდინარე წლის აპრილში 2,7 პროცენტის, ხოლო მაისში 1,5 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა. ინფლაციის შემცირება დიდწილად იმპორტული პროდუქტების ფასების კლებამ განაპირობა. ამ ტენდენციის შენარჩუნებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინებიც. თუმცა ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია − მაისში 9,1 პროცენტი. სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში სამპროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის მილევის შემდეგ მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
ამავე დროს, ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, მიუხედავად პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის წინა კვარტალთან შედარებით მცირე კლებისა, ის მაღალ დონეზე რჩება, რაც საშუალო ხელფასების პროდუქტიულობაზე უფრო სწრაფად ზრდის ასახვაა და შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავინდებურად საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. გარდა ამისა, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება. სწორედ რისკები დაედო საფუძვლად რეფინანსირების განაკვეთის და, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
მონეტარული პოლიტიკა საქართველოში კიდევ შერბილდება - ექსპერტის პროგნოზი
როგორ განვითარდება პროცესები და მიმდინარე წლის ბოლოსთვის რა ნიშნულზე იქნება რეფინანსირების განაკვეთი, ამას დრო გვიჩვენებს. ეს, პირველ რიგში, ინფლაციურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა არც ეროვნული ვალუტის კურსის ფაქტორი უნდა დავივიწყოთ. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს გაიმართება. მანამდე კარგი იქნება გადავხედოთ – როგორ აისახა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კომერციული ბანკების იმ მომხმარებლებზე, რომელთა სესხების პროცენტის ოდენობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშიდან ირკვევა, არცერთ მათგანს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება. ასეთი კი საბანკო სექტორს 179.600 მსესხებელი ჰყავს. ახლა კი უფრო დაწვრილებით.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179.600 სესხი იყო გაცემული, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 10.712 მილიონ ლარს შეადგენდა. 1 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა არ შეცვლილა, ხოლო მთლიანი საკრედიტო პორტფელი 24 ათასი ლარით გაიზარდა.
179.600 კრედიტიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი სამომხმარებლო ტიპის სესხია გაცემული. კომერციულმა ბანკებმა 78.200 ხელშეკრულებით 1.774 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი საშუალო წლიურ 20,66 პროცენტში გაასესხეს.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ე.წ. იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის სესხზე 72.500 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა ჯამში 3.431 მილიონი ლარი საშუალოდ 14,89 პროცენტში გაასესხა.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხებიც. ასეთი სულ 28.000 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.457 მილიონი ლარია. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 14,43 პროცენტს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული და 22,5 მილიონი ლარი საშუალო წლიურ 26,11 პროცენტშია გასესხებული.
გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კიდევ 300 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15 მილიონი ლარია.
1 მაისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,8 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტოსესხზეა − 26,11 პროცენტი.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0