ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მიღებული კანონით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნისას მის მოვალეობებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik.ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, შესაბამისად, ის მარეგულირებლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება - ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი შეასრულებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავას არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ხუთშაბათს, 22 ივნისს მიიღეს. ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა. ახალ თანამდებობას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა. კანონით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში შეასრულებს. ბოლო პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოეწურა.
„დიდი პასუხისმგებლობაა, დაიკავო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ორგანიზაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც აერთიანებს საერთო მიზანი - ემსახურონ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
მისივე თქმით, საქართველომ პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებშიც შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და საერთაშორისო რეიტინგები.
მარეგულირებლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა და პროექტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობდა, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების და უახლესი ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა.
„ასევე, ჩვენი მანდატის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისათვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
პარლამენტმა თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2022 წლის 7 ივნისს აირჩია. მანამდე, 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე იგი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

საკამათო ცვლილებები

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გადალახა და კანონში ცვლილებები მიიღო. ვეტოს გადალახვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს საბჭოს წევრობის კანდიდატები არ წარუდგინა.
მმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არ წარადგინა.
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, შესწორებების მიღებამდე ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა, ამასთან, კანონი არანაირ წესს არ ადგენდა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელს უნდა შეესრულებინა პრეზიდენტის მოვალეობები მისი არყოფნის პერიოდში, ან რომელი პროცედურით უნდა დაკისრებოდა ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
სკანდალი ვეტოს ირგვლივ
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამი თვის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს დადება გადაწყვიტა, განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევას აპირებს, რადგან პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია და პარლამენტს კანდიდატები არ წარუდგინა.
„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პრეზიდენტთან არსებობდა შეთანხმება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნდა წარედგინა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანდიდატებს 2023 წლის დეკემბერში წარადგენდა.
დეკემბერში იწურება არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგეტარის უფლებამოსილება და, ამგვარად, თუ ეროვნული ბანკის საბჭო ახალ წევრებს არ დაამტკიცებს, კრიტიკულ რაოდენობამდე – ხუთ კაცამდე შემცირდება. ესაა წევრთა მინიმალური რაოდენობა, რომლის დროსაც საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება არა აქვს.
ამავე დროს, 16 ივნისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის“ საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე. კანდიდატებს შორის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არ აღმოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა>>
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ისინი პრეზიდენტმა წინასწარი კონსულტაციების გარეშე წარმოადგინა.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
წყარო - ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0