საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკის საბჭო რეგულატორის უმაღლესი ორგანოა, რომელიც რეზერვების მართვაზეა პასუხისმგებელი.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე ორი კანდიდატი წარუდგინა; საქართველოს ფინანსთა მინისტრი მათ შორის არ აღმოჩნდა.
კანდიდატებს შორის არიან ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალის „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის“ საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე.

პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენა მას შემდეგ მოხდა, რაც მას ხელმოსაწერად გაუგზავნეს შესწორებები კანონპროექტში „ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საბჭოს აღმასრულებელი წევრების რაოდენობის დროებით გაზრდას. ამ კანონპროექტს მანამდე პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საქართველოს პარლამენტმა ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატები არ წარუდგინა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია და უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოში კანდიდატებს მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში წარადგენს.
სკანდალური ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია>>
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „ოცნების" ქმედებები დაგმო>>
ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოიწურა. იმ დროიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც იქ პირველად ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვდა.
ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და საბჭოს ერთი წევრი, ცვლილებების მიღების შემდეგ შვიდკაციან საბჭოს ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
ყველა ახალი ამბავი
0