ჯანდაცვის სამინისტრო: დარღვევები კლინიკების რეანიმაციული განყოფილებების 95%-ში დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საქართველოს 107 საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებები შეამოწმა, რა დროსაც 105 კლინიკაში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებული კლინიკების 95% არღვევს სტანდარტებს, დღეს საქართველოში არ არსებობს ვითარებაზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი. მაგალითად, სტერილიზაციის წესების დაღვევა ითვალისწინებს კლინიკის მაქსიმუმ 10 ათასი ლარით დაჯარიმებას. ახლო მომავალში მთავრობა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმების გაორმაგებას გეგმავს.

„ეს რეფორმები, რომლებიც წინა წელს დავიწყეთ, აუცილებლად მოითხოვს მკაცრ და ეფექტიან კონტროლსა და მონიტორინგს. სხვა შემთხვევაში რეფორმებს აზრი დაეკარგება, რეფორმა დარჩება მხოლოდ ფურცელზე და მას პრაქტიკაში ვერ გავატარებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

კანონპროექტში შეტანილი სიახლე რეგულირების სააგენტოს საშუალებას მისცემს უშუალოდ შეამოწმოს კლინიკები – ნებართვის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე.

„ეს ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების დაუყოვნებლივ შემოწმებასთან, ასევე ფარმაცევტული სექტორის – აფთიაქების, წამლის მწარმოებლებისა თუ დისტრიბუტორების შეუზღუდავად, დაბრკოლების გარეშე შემოწმებას", – განაცხადა აზარაშვილმა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
სააგენტოს მთავარი ფუნქციაა პაციენტის უსაფრთხოებისა და მისი ინტერესების დაცვა. ამჟამად მოქმედი კანონით, როდესაც პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შედის მარეგულირებელ ორგანოში, მან სასამართლოს უნდა მიმართოს, აღნიშნავენ უწყებაში.
ჯანდაცვის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა>>>
როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, განცხადება განიხილება 72 საათის განმავლობაში. დღეს მოქმედი წესით, ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტაცია ან სხვა სახის მტკიცებულება შეიძლება როგორმე შეიცვალოს.
ცვლილებები შესაძლებელს გახდის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება მოხდეს, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით.
თავის მხრივ, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებების დანერგვა ბიზნესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა „ჯანდაცვის შესახებ" კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების გაზრდას გულისხმობს და ორიენტირებულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისკენ, შესაძლოა პრაქტიკაში არაერთი პრობლემა წარმოშვას.
კონტროლის ახალი წესები
კანონპროექტის თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 ათასი ლარით (ნაცვლად 1 ათასი ლარისა).
გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანებისთვის ან ზედამხედველობის ხელის შეშლაზე დღეს მოქმედი ჯარიმისგან (1500-დან 2500 ლარამდე) განსხვავებით დგინდება კონკრეტულ ქმედებებზე დიფერენცირებული ფულადი ჯარიმები.
კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ექვემდებარება დაჯარიმებას 4 ათასი ლარის, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – 8 ათასი ლარის ოდენობით. ამ დროისათვის მოქმედი ჯარიმის ოდენობაა 1,5 ათასი ლარიდან 2,5 ათას ლარამდე.
სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 4 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მედიცინის სფეროში კონტროლის წესების გამკაცრების წინააღმდეგია>>>
სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა დაჯარიმდება სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არაუმეტეს 15 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 10 ათასი ლარისა).
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 ათასი ლარისა. დღეისათვის ჯარიმის ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა. კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 ათასი ლარისა).
იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 300-500 ლარისა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით დაექვემდებარება ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 1 ათასი ლარისა).
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 2 ათასი ლარისა).
ამავე პროექტის თანახმად, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარისა).
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარისა).
აღნიშნული სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას შესაძლებელი იქნება სააგენტოს მიერ ელექტრონული ჯარიმის გამოწერა.
ყველა ახალი ამბავი
0