საქართველო რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებით გადასახადს აწესებს

© photo: Sputnik / Stringerპურფუნთუშეული
პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
მანამდე საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 12 ივნისიდან 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაიბეგრება, ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც საკანონმდებლო ბიულეტენ „მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო. მოსალოდნელია, რომ სიახლე გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილებაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.
ფქვილის იმპორტის გაფორმების მომსახურების ღირებულება 2023 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.
სილაგავა: ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ქართველ ფერმერებს დაეხმარება>>
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
საქართველოში ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება: პურზე ფასი მოიმატებს?>>
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0