საქართველოში ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება: პურზე ფასი მოიმატებს?

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2023 წლის 10 ივნისიდან ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემოღებას გეგმავს ხუთი თვის ვადით, თუმცა ქვეყანაში პურის ღირებულება არ გაიზრდება, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
როგორც ადრე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა მუშაობა, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.

„ჩვენ შევთანხმდით პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წისქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ“, – განაცხადა შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობას მიმდინარე კვირაში წარუდგენს. სიახლის მიზანია ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობა.
მინისტრის თქმით, უწყება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად მართავს შეხვედრებს აღნიშნულ სფეროში ჩართულ მხარეებთან.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული. მიღებული გადაწყვეტილება ყველა მხარესთან შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება“, – განაცხადა შამუგიამ.
ფერმერები ხორბლის მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ: მთავრობა პრობლემის გადაჭრას გეგმავს>>>
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ბაზარზე არსებულ ვითარებას და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. საქართველომ გაზარდა ფქვილის იმპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი დააწესა. ფქვილზე კი საექსპორტო გადასახადი არ ვრცელდება.
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0