ფერმერები ხორბლის მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ: მთავრობა პრობლემის გადაჭრას გეგმავს

© Official website of the President of the Republic of Kazakhstan
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინტენსიურ შეხვედრებს ატარებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მწარმოებელთა ასოციაციისა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან პურის ღირებულების შენარჩუნების, ასევე ფერმერების მიერ ხორბლის მოსავლის შეუფერხებლად გაყიდვის მიზნით, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა მუშაობა, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებულ მხარესთან საკითხების საბოლოო შეთანხმების შემდეგ, უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ახალ მოსავალს და მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეძლონ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავება და სათანადო შემოსავლის მიღება“, – განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ხორბლის დარჩენილი ადგილობრივი მარაგებისა და წლევანდელი ახალი მოსავლის დაბინავების საკითხები განიხილა.
„სახელმწიფო ყოველთვის მხარში უდგას ფერმერებს და ახლაც აქტიურად მუშაობს, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, ფასი ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ იყო მაღალი", – განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, ფერმერებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. მაგრამ ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვი იყო.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, ხორბლით თვითუზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში მოსავლიანობა 60%-ით გაიზარდა და მარცვლეულის წარმოების ზრდის პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება, რაც სამინისტროს მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
საქმე ფასშია: მინისტრმა მარცვლეულის მწარმოებლების პრობლემებზე ისაუბრა>>>
დღეისათვის 4 ათასზე მეტი მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით, სადაც მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის მოსავლის ამღები ტექნიკა.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. საქართველომ გაზარდა ფქვილის იმპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი დააწესა. ფქვილზე საექსპორტო გადასახადი არ ვრცელდება.
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–მარტში რუსეთიდან შემოიტანეს 39,6 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 39,7%-ით მეტია, ასევე 42,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 28,7%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0