საქმე ფასშია: მინისტრმა მარცვლეულის მწარმოებლების პრობლემებზე ისაუბრა

© Ministry of Agriculture of Georgiaხორბლის მოსავლის აღება
ხორბლის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
სამინისტრო მზად არის შემოდგომაზე ფერმერებს მხარი დაუჭიროს, რათა მათ კიდევ უფრო მეტი პროდუქციის წარმოება შეძლონ, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში ხორბლის რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს - მწარმოებლებისთვის მისი ღირებულება არ არის მისაღები. განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც მანამდე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.
„იმ ფერმერებს, ვისაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვს და ჩაბარება უწევს, ვერ დავეთანხმები, რომ ვერ აბარებენ ამ პროდუქტს. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის“, - განმარტა მინისტრმა.
შამუგიას თქმით, მსხვილ მწარმოებლებმა მოიწიეს უხვი მოსავალი, შედეგად ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ამის შედეგად, წინა კვირას ვნახეთ, რომ პურის ფასიც შემცირდა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს“, - განაცხადა შამუგიამ.
გასულ კვირაში სოციალური ფქვილის ღირებულების შემცირების ფონზე პური საქართველოში 10 თეთრით გაიაფდა. 2023 წლიდან ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 15 ლარით შემცირდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 52-55 ლარი ღირს.
რა შემთხვევაში ამუშავდება წისქვილკომბინატები - ახალი ინიციატივა >>
შამუგიას თქმით, უწყება მუდმივ კონტაქტზეა ხორბლის მწარმოებლებთან, ხოლო მინისტრი მათთან შეხვედრას გეგმავს.
მან აღნიშნა, რომ საკითხი ისე უნდა გადაიჭრას, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზების საშუალება ჰქონდეთ, იმ პირობით, რომ პურის ფასის შემცირების დინამიკა შენარჩუნდება.
„რა თქმა უნდა, ეს უნდა განხორციელდეს იმ საბაზრო ფასების პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს. სხვანაირად საკითხის გადსაჭრა რთული იქნება“, - აღნიშნავს შამუგია.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. საქართველომ გაზარდა ფქვილის იმპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი დააწესა. ფქვილზე საექსპორტო გადასახადი არ ვრცელდება.
პური ათი თეთრით გაიაფდა >>
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.
შამუგიამ განაცხადა, რომ უწყება მზადაა კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიოს ფერმერებს შემოდგომაზე, რათა მათ მეტი პროდუქცია აწარმოონ და მისი თვითღირებულება შეამცირონ.

წარმოების პროგრესი

შამუგიას თქმით, ქვეყანში ბოლო 2 წლის განმავლობაში ხორბლის წარმოება 60%-ით გაიზარდა.
„გასულ წელს სახელმწიფოს ხელშეწყობის შედეგად ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობა გაიზარდა და 2022 წელს 157 ათასი ტონა ხორბალი იწარმოა. არის მოლოდინი, რომ 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ამ პროგრესის მიღწევა სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
„ჩვენი მოლოდინით 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს იმ მხარდაჭერით იქნა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, 4 ათას ფერმერს საბრუნავი საშუალებები შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დავუფინანსეთ და მათ ჰქონდათ საშუალება, ეს იაფი ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ“, - განაცხადა შამუგიამ.
2022 წელს ხორბლის ნათესი ფართობები ქვეყანაში 6 ათასი ჰექტარით გაიზარდა.
„რამდენიმე წლის წინ საშუალო მოსავლიანობა 2 ტონას არ სცდებოდა, როდესაც გასული წლის მონაცემებით 1 ჰა-ზე ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 3 ტონაა“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, სამინისტროს ამოცანაა, ფერმერებმა ხორბლის უფრო დიდი მოსავალი მოიყვანონ და მისი თვითღირებულება შეამცირონ.
„ამ ნაწილში უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჰექტარზე 2-3 ტონა კი არა, 5-6 ტონა მოიყვანონ და იაფ ფულად რესურსსა და ხარისხიან მასალაზე მიუწვდებოდეთ ხელი და ამ კუთხით მივცეთ მათ თვითღირებულების შემცირების საშუალება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ყველა ახალი ამბავი
0