ფსონი სააკაშვილზეა - რეაქციები „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ საარჩევნო კამპანიაში და პოლიტიკური დღის წესრიგში მთავარი ფსონი ექს-პრეზიდენტის თემაზე იქნება.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე დააბრუნოს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობას იხდის თანამდებობრივი დანაშაულების ჩადენის ბრალდებით. მათი ოპონენტები ამ იდეას ჩავარდნას უწინასწარმეტყველებენ.
მიხეილ სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო თბილისში მისი დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1 ოქტომბერს. სასამართლოს სამ საქმეზე ჯერ კიდევ არ გამოუტანია განაჩენი, რამაც შესაძლოა კიდევ გაზარდოს პატიმრობის ვადა.
იმავდროულად ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ საარჩევნო კამპანიაში და პოლიტიკური დღის წესრიგში მთავარი ფსონი ექს-პრეზიდენტის თემაზე იქნება.
უამრავი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება: „ქართული ოცნების“ რეაქცია სააკაშვილის დაჯილდოებაზე >>
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რაიმე საჯარო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის თანახმად, სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ უხელმძღვანელებს, რადგან უკრაინის მოქალაქეა.

„მიხეილ სააკაშვილმა... შექმნა ქართული სახელმწიფო, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, არის მიშას მემკვიდრეობა, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაბრუნებამ და 2021 წელს მისმა დაკავებამ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალება მისცა არჩევნებში 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი ეჩვენებინა. ამასობაში, თავად სააკაშვილმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

შანსი არ აქვს

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პარტიაში სამოქმედო გეგმის არარსებობას უკავშირდება.

„იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღის წესრიგი არ გააჩნია და აქტიური დეზორიენტაციის და დეზინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან, ახალი ხანმოკლე საინფორმაციო გზავნილი შემოიტანეს მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე, თითქოს აქამდე რომელიმე სხვა პოლიტიკაში იყო“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მხოლოდ უარყოფითი შედეგი შეიძლება აჩვენოს.
„ის ქართული პოლიტიკის ნაწილია, უბრალოდ მისი შედეგი დადებითობის კუთხით ნულია", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მმართველი ძალის კიდევ ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განხეთქილების ზღვარზეა და ახლა ამაზე უნდა ფიქრობდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას დეპუტატები ტოვებენ და რა თანამდებობებს არიგებენ? ჯობს პარტიას მიხედონ და ის ელემენტარული პრობლემები მოაგვარონ, რაც პარლამენტშიც ჩანს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცხელი ზაფხული და განხეთქილების საფრთხე

ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ახალ დღის წესრიგზე – სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე.
ასეთ აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავების მომენტიდან მართავს, მაგრამ, როგორც წესი, აქციების მონაწილეები შედეგს ვერ აღწევენ და იშლებიან.

„ჩვენ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას ვაპირებთ. მათ შორის, იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხსაც დავაყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები და საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ამასობაში, მიუხედავად პარტიის გეგმებისა, თავად პარტია განხეთქილების ზღვარზეა და ფაქტობრივად დაყოფილია ორ ბანაკად: პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანაკი, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, და ამჟამინდელი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ბანაკი, რომლის უკან დგანან ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.
„ქართული ოცნება“ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ფინანსისტად თვლის. ამასთან ერთად „ოცნება“ ამტკიცებს, რომ სწორედ ის დგას ფიქტიური ქოლ-ცენტრების სკანდალური საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმის უკან, რომელთა წყალობითაც ათასობით ევროპელმა პენსიონერმა ფული დაკარგა. გარდა ამისა, კეზერაშვილს ბრალი ედება თანამდებობრივ დანაშაულებში, რომლებიც უკვე საქართველოში აქვს ჩადენილი.
ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს მკურნალობისთვის უცხოეთში გადაყვანაზე უარი უთხრა >>
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გეგმა ქვეყნის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავს მიზნად. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ისე პარტიის სხვა ლიდერებს.

არჩევნების ლაიტმოტივი

მომავალ წელს ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი პარტიებს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.
ამ დროისათვის პარტიებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ბრძოლა თითოეული ხმისთვის წარიმართება.
მმართველ პარტიაში უკვე ოფიციალურად განაცხადეს მოახლოებული არჩევნებისთვის მზადების დაწყების შესახებ და მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსეს.
ყველა ახალი ამბავი
0