უამრავი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება: „ქართული ოცნების“ რეაქცია სააკაშვილის დაჯილდოებაზე

© courtesy of Mikheil Saakashvili12 აპრილს მსჯავრდებულ სააკაშვილს დაუსწრებლად გადაეცა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“– თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის
12 აპრილს მსჯავრდებულ სააკაშვილს დაუსწრებლად გადაეცა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“– თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
12 აპრილს მსჯავრდებულ სააკაშვილს დაუსწრებლად გადაეცა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ – თავისუფლებისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა არის იმ ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება, ვინც შეეწირა მის მიერ შექმნილ გესტაპოს ტიპის სადამსჯელო სისტემას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
12 აპრილს მსჯავრდებულ სააკაშვილს დაუსწრებლად გადაეცა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ – თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. ვარშავაში დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპარლამენტის დეპუტატმა ანა ფოტიგამ სინანულით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რაც სააკაშვილმა გააკეთა ქვეყნის განვითარებისთვის, ის პატიმრობაში იმყოფება.
ევროდეპუტატი ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტი დაუსაბუთებელი ბრალდებით იხდის სასჯელს და ის, რაც მას დაემართება, საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს.
„ეს დაცინვაა“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილის ჯილდოზე >>
ვოლსკის თქმით, არცერთი ფაქტი, რომელიც სააკაშვილის ბიოგრაფიაში არსებობს, არ არის დაკავშირებული არანაირ პოზიტივთან გარდა იმისა, რომ მისი მმართველობის პირველ წლებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის მიმართულებით.

„სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა საკმარისია იმისთვის, რომ მას არანაირი ჯილდო არ გადავცეთ, რადგან ეს არის უამრავი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება, ვინც შეეწირა გესტაპოს ტიპის სადამსჯელო სისტემას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თავის მხრივ, „ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სააკაშვილის ჯილდოს ცინიზმი უწოდა.
როდესაც ფოტიგა ან ვინმე სააკაშვილის თემაზე აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ ის არის დატყვევებული, მან აუცილებლად პასუხი უნდა გასცეს გირგვლიანის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს, რომელსაც ნათქვამი აქვს პასუხი ამ საკითხზე და გირგვლიანის თემა შეფასებული აქვს.

„ნებისმიერ სხვა დარგში რომ მიეღო ამ კაცს პრემია, ისე ცინიკურად არ იქნებოდა აღქმული საქართველოში, როგორც მაშინ, როცა საუბარი გვაქვს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყიდულობს თუ არა სააკაშვილის ოჯახი საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის ჯილდოებს? >>
მარტის ბოლოს სააკაშვილი ნორვეგიელი პოლიტიკოსის სიურ ლინდებრეკეს (ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებელი) სახელობის პრემიით დაჯილდოვდა – ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისათვის. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდერსენი დაიბარეს.
მანამდე კი საქართველოში ნორვეგიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში მოხვდა, სადაც წამების მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა. უფრო მეტიც, მან ექს-პრეზიდენტი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შეადარა.

სააკაშვილი და სისხლის სამართლის საქმე

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0