საქართველოში შრომითი მიგრანტებისთვის წესები დამტკიცდა: დეტალები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
საქართველოში შემოდის ცნება „შრომითი იმიგრანტი“ – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც შრომით ურთიერთობაში შედის ადგილობრივ დამსაქმებელთან.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც საზღვარგარეთ და საქართველოში დასაქმებას ეხება.
ცვლილებები ძალაში 2023 წლის 1 სექტემბერს შევა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გაგზავნა ლეგალურად განხორციელდება მხოლოდ სპეციალური სერტიფიკატის მქონე შუამავალი კომპანიების მიერ, საქართველოში უცხოელების დასაქმებისთვის კი სპეციალური რეგისტრაცია იქნება საჭირო.
სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის
კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიად ჩაითვლება იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, უცხოური კომპანიის ფილიალი ან წარმომადგენლობა, ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელების დასაქმებასთან უცხოეთში.
ასეთ კომპანიებს მოეთხოვებათ დარეგისტრირება. მათ შესახებ ინფორმაცია იქნება საჯარო. ამასთან თითოეული ასეთი კომპანია უნდა იყოს სერტიფიცირებული საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თავისი საქმიანობის კანონიერად განხორციელებას, თუ ექნება სერტიფიკატი. თავად სერტიფიცირების პირობებს კი საქართველოს მთავრობა სპეციალური დადგენილებით განსაზღვრავს.
არალეგალური მიგრაცია, დანაშაულთან ბრძოლა: გომელაურმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა >>
გარდა ამისა, კანონში ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ დასაქმების შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება გააფორმოს ხელშეკრულება სპეციალური ფორმით, რომელიც შემოწმდება. კონტრაქტში მითითებული იქნება მიგრანტის პერსონალური მონაცემები, უცხოური კომპანიის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, კონტრაქტის გაფორმებაზე პასუხისმგებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაცემები, მისი მისამართი და ანგარიშები.
ასევე მითითებული იქნება სამუშაოს სახეობა და მისი ვადა, ხელფასი, საცხოვრებელი პირობები და შრომითი ურთიერთობის სოციალური გარანტიები. ამასთან, კონტრაქტი უნდა იყოს გაფორმებული ორ ენაზე, რომელთაგან ერთი ქართული იქნება.

სიახლე უცხოელებისთვის

ცვლილებები არეგულირებს აგრეთვე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხსაც.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შესაძლებლობა ექნება შეზღუდოს კონკრეტული სპეციალობებისა და პროფესიების მქონე უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა შრომის ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს კვალიფიკაციას, და იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.
ამავდროულად, მთავრობას ექნება უფლება წაახალისოს ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ უცხოელთა მოზიდვა იმ სფეროებში, სადაც ადგილობრივ შრომის ბაზარზე მიწოდება არ აკმაყოფილებს მოთხოვნას.
ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივ დამსაქმებლად ჩაითვლება იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ამხანაგობა, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ან საქართველოში კანონიერად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უფლება დაიქირავოს საქართველოში ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელები და გამოიყენოს მათი შრომა.
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში >>
ასევე საქართველოში შემოდის ცნება „შრომითი იმიგრანტი“ – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შრომით ურთიერთობაში შედის ადგილობრივ დამსაქმებელთან.
შემოღებული წესების მიხედვით, ადგილობრივ დამსაქმებელთან ურთიერთობა შრომის კოდექსით დარეგულირდება. მათი მიღება მხოლოდ საქართველოში ლეგალური ყოფნის პირობით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - მონაცემები განახლდა >>
უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დადებულ კონტრაქტში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობების გარდა, აუცილებლად მითითებული უნდა იყოს როგორც უცხოეთის მოქალაქის სრული პერსონალური მონაცემები, ისე მისი დამსაქმებლის სრული მონაცემები, მათ შორის, დამსაქმებლის საბანკო რეკვიზიტები, ხელშეკრულების კონკრეტული ვადა და მისი მოქმედების ვადა.
სავალდებულო იქნება იმიგრანტის სამუშაო პოზიციის, სამუშაო ადგილის მისამართის, ასევე დამსაქმებლის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების მითითება. უცხოელთან კონტრაქტი შედგენილი უნდა იყოს ორ ენაზე – ქართულად და იმიგრანტისთვის გასაგებ ენაზე.
ამასთან, ადგილობრივ დამსაქმებლებს მოეთხოვებათ აცნობონ ჯანდაცვის სამინისტროს უცხოელის დაქირავების შესახებ და დაარეგისტრირონ ის შრომითი იმიგრანტების მონაცემთა ბაზაში. ადგილობრივ დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის მიღებას მხოლოდ ბაზაში რეგისტრირებული უცხოელი შეძლებს.
ჯანდაცვის სამინისტრო რეგისტრაციისას შეამოწმებს შრომითი იმიგრანტის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთან, რეგისტრაციის არსებობა შრომით იმიგრანტებს უფლებას მისცემს, მიიღონ საქართველოში დროებითი შრომითი ბინადრობის ნებართვა.

მოკლედ სანქციებზე

შრომით მიგრანტებთან დაკავშირებული ცვლილებების გარდა, შესწორებები ითვალისწინებს კანონის დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას.
კერძოდ, შუამავალი კომპანიის მიერ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი დარღვევა დაექვემდებარება – პირველ ჯერზე 3,5 ათასი ლარით, მეორედ კი 4 ათასი ლარით დაჯარიმებას. შემდგომი დარღვევები გამოიწვევს დაჯარიმებას ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 4 ათასი ლარის სამმაგი ოდენობა).
თუ შუამავალი კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს არ წარუდგენს, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარით, ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში – 1,5 ათასი ლარის ოდენობით. კომპანიის მიერ შრომითი იმიგრანტების რეგისტრაციის წესების დარღვევა კი დაექვემდებარება დაჯარიმებას 1 ათასი ლარიდან 2 ათას ლარამდე.
შუამავალი კომპანიის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში თავდაპირველად მას გააფრთხილებენ, შემდეგ კი დააჯარიმებენ: 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში 200-დან 400 ლარამდე ოდენობით, ხოლო 100 ათასი ლარიდან 150 ათასი ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში 300-დან 800 ლარამდე.
ყველა ახალი ამბავი
0