რეკორდული წელი - აზარაშვილი დევნილებისთვის ბინების გამოყოფის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი სახლები თბილისში
საცხოვრებელი სახლები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
საცხოვრებელი 2022 წელს 3.530-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცეს, აქედან 2.588-ს შეეხო პროგრამა „სახლი სოფლად", განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წელს რეკორდული უწოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების გადაცემის კუთხით. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზარაშვილმა დეპუტატებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტების განსახლების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.

„გადაცემული ბინების რაოდენობით 2022 წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში", – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში საცხოვრებელი გადასცეს 3.530 დევნილ ოჯახს, აქედან 2.588-ს შეეხო პროგრამა "სახლი სოფლად". 500-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ბინა, ხოლო 438-მა დაიკანონა საცხოვრებელი ფართი.
საცხოვრებელი 2023 წელს უკვე მიიღო 900-მა დევნილმა ოჯახმა და ეს რიცხვი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება, აღნიშნა აზარაშვილმა.
იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 2022 წელს 105 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს 230 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ქუთაისში 500-მდე დევნილი ოჯახი ახალმოსახლეობას იზეიმებს>>
აზარაშვილის თქმით, ამჟამად დასრულებულია პროცედურები, გაფორმებულია ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და დაწყებულია მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხუთ ქალაქში. ამ პროექტის ფარგლებში 6 ათასი ახალი ბინა, 400 ათას კვ.მ-მდე ფართი შენდება დევნილი მოსახლეობისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ მოსახლეობის განთავსებაზე, რომლებიც სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალდნენ. კერძოდ, 2022 წელს უსაფრთხო გარემოში დაასახლეს 271 ეკომიგრანტი, ხოლო 2023 წელს საცხოვრებელი ფართის შესყიდვა დამატებით 300 ოჯახისთვის იგეგმება.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.
სახელმწიფო 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს>>
სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.
ყველა ახალი ამბავი
0