პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
ავიამიმოსვლა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია, ამიტომ საქართველო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მოუწოდებენ, არ აღადგინოს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან და შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური კავშირები მაშინ, როდესაც თვითონ ევროკავშირმა 2022 წელს რუსეთთან თითქმის 300 მილიარდი დოლარი ივაჭრა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უფრო ადრე ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაში.

„დღეს მოვისმინე ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება და მინდა ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა: რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან – თვითონ ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თქვენ რომ მეუბნებით მე – „შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო“, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას? რატომ არ აჩერებთ თქვენ ვაჭრობას?!“ – განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ 2022 წელს რუსეთთან დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის ივაჭრა, რაც, პრემიერის თქმით, მთელი რუსული ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირმა კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მლრდ დოლარი, რაც რვა წელიწადში მაქსიმუმია.
კობახიძე: საქართველო რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით სანქციებს დაიცავს>>
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს თანხა რუსეთში ევროკავშირიდან უკრაინაში კონფლიქტის დროს შევიდა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.
ავიამიმოსვლა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მხოლოდ ნაწილია, ამიტომ საქართველო მომხრეა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მინისტრი: საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულება არ არსებობს>>
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.

„გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მით უმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი, დეტალი, არამთავარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან საქართველოს დასავლელი პარტნიორების მისამართით განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება საერთაშორისო შეზღუდვების დაცვით – ფრენები განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიების თვითმფრინავებით.
„სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა კომპანიამ უკვე გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისების შესრულების სურვილი.

„ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მინდა ჩვენი მეგობრებიც, ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავამშვიდო და დავაწყნარო – ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთთან პირდაპირი ფრენები აქვს ჩინეთს, თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია და რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც აქვს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
პრემიერი: რუსეთის მიერ ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუმარტივებს>>
„ისრაელი, რომელიც არის ამერიკის... ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანა ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ რუსეთთან აზერბაიჯანსა და სომხეთსაც. მაგალითად, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის კვირაში 130 რეისი სრულდება, ხოლო რუსეთსა და ისრაელს შორის – 100-ზე მეტი.
ყველა ახალი ამბავი
0