მინისტრი: საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულება არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ ათობით განცხადება გაავრცელა და უარყო უსაფუძვლო ბრალდებები სანქციების დარღვევის შესახებ, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. არ არსებობს ფაქტები ან მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შეუსრულებლობას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება და ქვეყანაში ყველა რუსული ავიაკომპანია ვერ შეძლებს ფრენების განხორციელებას. თუმცა, სანქციების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. მან არ გამორიცხა, რომ ის ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთში ფრენებს დაიწყებენ, შეიძლება დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვდნენ.

„ამ პერიოდის (წელიწადზე მეტი) მანძილზე ჩვენ არაფერი გვინახავს ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც შესაძლებელია ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს", – განაცხადა ხუციშვილმა.

იმას, რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ადასტურებენ როგორც ამერიკული მხარე, ისე ევროკავშირი და ელჩები, აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, წლის მანძილზე უწყებას მოუწია 50-დან 70-მდე განცხადების გავრცელება, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შესახებ ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაციას უარყოფდა.

„სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ პრაქტიკულად არცერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში", – განაცხადა მინისტრმა.

ეს მორიგი ცუდი ფაქტია, როცა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და ამის საფუძველზე განმარტებები კეთდება, აღნიშნა ხუციშვილმა.
„ამ მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართოდ, ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით", – განაცხადა მინისტრმა.
რომელი სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ რუსეთიდან საქართველოში ოპერირებას? - განმარტება>>>
ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, მეტი ყურადღება არსებობდეს, რადგან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, დასძინა მინისტრმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0