კობახიძე: საქართველო რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით სანქციებს დაიცავს

© AP Photo / Ted S. Warrenთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
საქართველოში სანქციებისთვის გვერდის ავლა და მსგავსი მოქმედებები არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. სანქცირებული თვითმფრინავები რუსეთიდან საქართველოში ვერ იფრენენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ავიაციის სფეროში და გააკონტროლოს მისი დაცვა.

„ჩვენ გაცხადებული გვაქვს პოზიცია – სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ. არსებობს სანქცირებული და არასანქცირებული ბორტები, მათ შორის სხვა ქვეყნებში დაფრინავენ არასანქცირებული ბორტები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო სანქციებს გვერდს არ აუვლის.
„სანქციების გვერდის ავლა და ასეთი ქმედებები ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება განხორციელებული“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს შეასრულებენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ მოხვდნენ.
„ქართული ოცნება“: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას>>
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ საერთაშორისო სანქციებს იცავს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0