სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის...
13:30 03.05.2023 (განახლებულია: 13:49 03.05.2023)
© photo: Sputnik / Stringer
/ გამოწერა
ობობას ქსელზე უფრო ფაქიზი ქსოვილი ჯერ არც ერთ დიაცს ხომ არ მოუქსოვია, მაგრამ ორიოდე ფარასანგის მანძილზე გარდიგარდმო რომ გააბათ იგი, კამეჩსაც წააქცევს.
„აზრების ფოიერვერკი" დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას (1893-1975) ფრაზებს წარმოგიდგენთ მისი რომანიდან „დავით აღმაშენებელი". დღეს დიდი მწერლის დაბადების დღეა (ძველი სტილით 3 მაისი, ახალი სტილით - 15 მაისი).
კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) — ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
მის კალამს განეკუთვნება რომანები: „დიონისოს ღიმილი", „მთვარის მოტაცება", „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", „ვაზის ყვავილობა" და სხვ. მოთხრობები, ესეები, ნარკვევები, მოთხრობები, ნოველები, თარგმანები.
მახვილის ამოღება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ძლევამოსილად ჩაგება მისი. ომი მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მეფემ, როცა მის მიერ ამოწვდილი მახვილი სამ რამეს მოუტანს მის ხალხს: თავისუფლებას, მიწას და ოქროს.
მარტოხელა კაცი თავის სიბრძნეშიაც შლეგია.
ბოროტი კაცისთვის სიკეთის მიგება, შლეგებისთვის თათბირის მიწოდება და გონებაჩლუნგთათვის განკუთვნილი ქადაგება, ეს ყველაფერი როდინში წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი.
ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამ ქვეყნად.
არავინაა კაცთა შორის გარეწარი ისეთი, რომლის მოთვინიერება არ შეეძლოს სიკეთესა და სათნოებას.
სიყვარულს იქვე უთესია, სადაც სიძულვილს ყანა მოუმკია ხოლმე.
ყოველი ცუნდრუკა საკუთარ ძალას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე თუნდაც მასზე გამარჯვებულ მოპირდაპირის ღონეს.
მოულოდნელი ამბავი კუხე ნაყოფსა ჰგავს, ხოლო მოსალოდნელი გადამწიფებულს, ერთს თუ სარეჯგვავით ძლივს ჩამოაგდებ, მეორეს სულ მცირეოდენი შერხევა სჭირია ტოტისა და თავზე დაგეცემა უმალვე.
არაერთხელ მომხდარა იგიცა, ბრძენთა ყოყმანის მეოხებით დათმობილნი ციხენი თვალის დაფახულებაზე აუღიათ შმაგებს, რადგან სიშმაგე თავზე ხელაღების შედეგია, ხოლო სიბრძნე — საკუთარი თავის ან სახელმწიფოს გაფრთხილებისა.
ხშირად ტალანტი ისევე უქმია, როგორც ქარქაშში მთვლემარე ხმალი. განსაკუთრებით, როცა გამბედაობა მოაკლდება ნიჭს. გამბედაობა ხომ დროზე მოქნეული კომბალია, რომლითაც გამბედავი სწრაფად მოქნევაში დაასწრებს მხლოსანს.
ყივის მამალი, აღვიძებს ქარავანს და ლომებიც კრთებიან მამლის ყივილზე. აგრე ჰგონიათ: მათზე უძლიერესიაო მამალი. რადგან ყველაზე ძლიერი შესაძლოა ყველაზე გაუფრთხილებელიც იყოს.
ბრძენსაც მოერევა ხოლმე თავში შეუწონელი აზრიცა, მაგრამ საჭიროა არა მარტო ასეთი აზრის არგამხელა, არამედ სიბრძნის შეფარვაც უცილოა ზოგჯერ.
უდიდეს გმირსაც შეეშინდება ხანდახან, მაგრამ შიშის მიჩქმალვაშიაც გმირობაა.
ობობას ქსელზე უფრო ფაქიზი და სუსტი ქსოვილი ჯერ არც ერთ დიაცს ხომ არ მოუქსოვია ამ ქვეყნად, მაგრამ ორიოდე ფარასანგის მანძილზე გარდიგარდმო რომ გააბათ იგი, კამეჩსაც წააქცევს.
არავინაა მუდამ გმირი ამ ქვეყნად და არცთუ არვინ ისეთი ძაბუნი, თუნდაც ერთხელ სიმამაცე არ გამოეჩინოს.
ბულბულის ტკბილხმოვანება არწივისთვის რომ მიეცა ღმერთს, ფრინველთა მეფე ხომ ვერ იქნებოდა ეგზომ მძვინვარე და შეუპოვარი. რადგან სინაზე და სიძლიერე ერთ ხალთაში ჯერ არასდროს დატეულან.
გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრეგადასული სიძუნწე. ვინც სულიერ სიცარიელეს განიცდის, იგი სტუმრიანობას ნატრობსო ნიადაგ.
როცა რომელიმე ქვეყანაში სტუმრები მასპინძლებზე მეტი აღმოჩნდებიან, სტუმრები მასპინძლებად იქცევიანო. ცხადია: განა მარტო ომით ხდება დაპყრობა, მოხშირებული სტუმრიანობითაც.
მოჩხუბარნი და მომლხენნი უმცირეს საბაბს მოეჭიდებიან ხოლმე.
ლამაზებსა და თავმოთნეებს ერთ რამეს აკლებს არსთაგანმრიგე: სახელდობრ ჭკუას.
ლამაზებსა და მამაცებს ერთ რამეს აკლებს ღმერთი: სიფრთხილეს. ცნობილია: ლომები და ვეფხვები უფრო მეტად გაუფრთხილებელნი არიან, ვიდრე ვირთხები და თრითინები.
მაინცა და მაინც ნუ მიეძალები ჭკუის შემატებას. ჭკვიანი და ბედნიერი მე ცოტა მინახავს, პირიქით, უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში.
ზოგჯერ ქალი შესაძლოა წამალი იქნეს, ზოგჯერ კიდევ საწამლავიცა.
არაფერი ისე არ ამშვენებს ცხოვრებას, როგორც სიკვდილთან თამაში.
სიყვარული სხვა არაფერია თუ არა — ვერშეწვდომა.