რუსთაველის ცუდი სამსახური და ხომალდი, რომელზეც ღმერთს საჭის დამონტაჟება დაავიწყდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
რა ცუდი სამსახური გაგვიწია რუსთაველმა, რა არის პოპულარობა, პროვინციალიზმი, რატომ ვერ დაფრინავს ადამიანი და სად და რატომ იბადება სიყვარული? რა ხდება, როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც?
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ამონარიდებს თვალსაჩინო ქართველი მწერლის, დრამატურგისა და ესეისტის ჯემალ ქარჩხაძის (1936-1989) ნაწარმოებებიდან.
ქარჩხაძის ცნობილი ნაწარმოებებია „იგი", „ქარავანი", „ანტონიო და დავითი", „ზებულონი", „იუპიტერის სინანული", „განზომილება". მისი თხზულებები მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის რუსულ, ჩეხურ, გერმანულ, შვედურ, არაბულ ენებზე.
• რაც უფრო მორიდებულია ადამიანი, მით უფრო ანტიმორიდებული ხდება, როცა კი მორცხვობას დაძლევს.
• წინასწარ მომზადებული საქციელი არასოდეს ბუნებრივი არაა.
სასიყვარულო პოეზია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2018
სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება
• შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია ქალი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. რადგანაც სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.
• სამყაროს დასაბამიდან მამაკაცი ქმნის ყოველივეს. ავსაც და კარგსაც, შხამსაც და მალამოსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ქალი კი ბიძგია. ხან ბიძგია, ხან შთაგონება, ხან საყრდენი.
• პოპულარობა ავადმყოფური კმაყოფილებაა, რომელიც ღამღამობით, ძილის წინ გამოფიტულობისა და სიცარიელის განცდას იწვევს და საკუთარ თავს გაძულებს.
• საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.
• ცხოვრებას ასეთი წესი აქვს: ერთ ჭიქა შარბათს რომ შეგასმევს, მერე ერთ ჭიქა სამსალას მიგაყოლებინებს.
დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2017
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა
• შეურაცხყოფის მიტევება სილაჩრე და სულმდაბლობაა, ხოლო შურისძიება ბოროტება, რომელიც წამსვე შეურაცხმყოფელის გვერდით მიგიჩენს ადგილს.
• კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს.
• ჩემი აზრით, პროვინციულობა, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ისაა, კაცს რომ თავისი მოდელი ეთაკილება და სხვისი მოდელით ცდილობს იცხოვროს.
• რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული.
• ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით კი არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარობებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისთვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო სასაფლაოში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა, ჩვენ ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გამოდის.
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
• ყველა რომ ზნემაღალი იყოს, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისგან.
• ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.
• პოპულარობა და სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი არსებობდეს, რითიც პოპულარობა გაიზომება? პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ ვისაც მოსწონხარ, სწორედ მასა აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.
• სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.
• როდესაც კაცის არსებაში დიდება და სახელი შემოდის, იქიდან რამე უნდა განიდევნოს, რომ ადგილი იპოვოს, პირველ რიგში იუმორის გრძნობა იდევნება ხოლმე.
ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაირა გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2019
კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება
• ცოლი არასდროს აღიარებს ქმარს. ცოლი მედლის მეორე მხარეზე წერს ქმრის ბიოგრაფიას.
• ჩვენ გამუდმებით მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.
• ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვა უარი და თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონო და მოუფრთხილდე, მაგრამ დარჩება რამე? აი, ეს არის საკითხავი.
• რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.
• სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე. ამიტომ ვერ დავფრინავთ. ერთ მშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარდი ადამიანის გულშია ჩაბუდებული, უეცრად ამოხეთქოს, ქვეყნიერება წაილეკება.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2020
თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…
• გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია… სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.
ყველა ახალი ამბავი
0