ქოლ–ცენტრებთან დაკავშირებული სკანდალი – „ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
საერთაშორისო თაღლითური სქემის მსხვერპლი ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი საგამოძიებო ორგანო არაა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლ–ცენტრებთან დაკავშირებით მხარს არ უჭერს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС–მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ევროპელი პენსიონერები საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ–ცენტრების მსხვერპლი გახდნენ, რომლის უკან, ВВС-ს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლ–ცენტრების შესახებ კომისიის შექმნას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქართველი სამართალდამცველები ევროპელ, განსაკუთრებით, გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე წლებია ამ თემაზე მუშაობენ და მათ უკვე აქვთ კონკრეტული შედეგი.
„მაგრამ მათ [ოპოზიციას] თავისი აწუხებთ. ეს იყო მათი დაფინანსების მთავარი თემა და წყარო. ეს გაიშიფრა. ძალიან ავტორიტეტულმა უცხოურმა ტელევიზიამ, BBC-მ გაშიფრა და ახლა უნდათ, რომ ისრები რამენაირად სხვაგან გადაიტანონ, ამიტომ არიან ამით შეშფოთებულები“, – განაცხადა მდინარაძემ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც, „ქართული ოცნების" მტკიცებით, სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს.
ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ - ცაგარეიშვილი>>
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
ამავე დროს, საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
„ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე: საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს>>
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
ვინ დგას საქართველოში რევოლუციური პროცესების და კეზერაშვილის უკან - კობახიძის განმარტება>>
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„ფორმულა“ კეზერაშვილის ფულის გარეშე ვერ გადარჩება - რაქვიაშვილი>>
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს
ყველა ახალი ამბავი
0