„ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე: საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2023
გამოწერა
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურა უკვე მრავალი წელია აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს „თაღლითური ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლისა და დანაშაულში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით, ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო დანაყოფები მრავალი სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობენ და ევროპის სხვა ქვეყნების სამართალდამცველ უწყებებთან ერთად არიან ჩართული ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში არაერთი ოპერაცია ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზეც. ასეთები იყო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში, რა დროსაც გაიჩხრიკა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის ათობით თანამშრომლის საცხოვრებელი ბინები, ავტომანქანები და სამუშაო ადგილები. შედეგად, ამოღებულია ინფორმაციის ასობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა, დაყადაღდა „სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ათობით მილიონი ლარის ქონება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დიდი ოდენობით თანხები“.
ამასთან, დააკავეს დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და მისი ათობით წევრი, რომელთა მიმართაც, ისევე, როგორც დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.
პროკურატურის განმარტებით, საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციებში გერმანიის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში უწყებებმა გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში დანაშაულებრივი ქსელი დაშალეს, რომელიც სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმას უწევდა ოპერირებას და თაღლითურად ეუფლებოდა ათობით მილიონ ევროს.
კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია საქართველოს პროკურატურამ 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა ევროჯასთის მხარდაჭერითა და გერმანელი სამართალდამცველების ჩართულობით, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ამ ოპერაციაში 60 გერმანელი და 300-მდე ქართველი სამართალდამცველი მონაწილეობდა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ამ დროისათვის ბოლო სპეცოპერაცია საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა თაღლითური ონლაინ-პლატფორმებისა და სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად. შედეგად, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა ქმედებების შედეგად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 33 ათას მოქალაქეს 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა.
პროკურატურის განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოებას მომავალშიც მიეწოდება ინფორმაცია.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0