საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ, განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კალენდარი აერია – 2024 წელს საქართველოში ჩატარდება რიგითი და არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ქვეყანაში პროცესები დაჩქარდება და საპარლამენტო არჩევნები მოსალოდნელზე ადრე ჩატარდება. მისი თქმით, ოპოზიცია მზად უნდა იყოს ვადამდელი არჩევნებისთვის.

„აქ პირდაპირ ჩანს, რომ მათ („ნაციონალურ მოძრაობას“) უკვე პოლიტიკური კალენდარიც აქვთ არეული და პოლიტიკური კურსიც აქვთ დაკარგული. იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისთვის კი არა, 2024 წელს რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს მათი პარტია, თუ რაიმე ძალა და რაიმე გეგმა კიდევ აქვთ შერჩენილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ.
„ამისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი როგორღაც შეაფერხონ და დროში გადადონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ვადამდელი არჩევნები, როგორც ორპოლუსიანობის დაძლევის გზა - „გირჩის“ ხედვა >>
დეპუტატის თქმით, ამას ერთადერთი ლოგიკური ახსნა აქვს – მათ სურთ ამით გარკვეული დესტაბილიზაციის მუხტი მიიღონ და შემდეგ ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

„სხვა ახსნა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არ გააჩნია. კობა ნაყოფიამ პირდაპირ და გასაგებად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ამით მათ სურთ რიგგარეშე არჩევნები მიიღონ და შემდეგ რაღაც გვერდითა კარით პოლიტიკაში შემოვიდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.

არჩევნები საქართველოში

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა მარტის შუა რიცხვებში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოწია, თუმცა ექს-პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამას შეცდომა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ვადამდელი არჩევნები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს.
საქმე ისაა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით.
თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი კვლავ ჩატარდება შერეული სისტემით (პარლამენტში 120 მანდატი გადანაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 მანდატი – მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს შორის) და ბუნებრივი ბარიერის პირობებში.
დაინიშნება თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები - „ქართული ოცნების“ პასუხი >>
„ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა მზადყოფნა, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%-დან 2%-მდე დასწიოს, თუ მანამდე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
პარლამენტში გამსვლელი ბარიერის შემცირებას პირველ რიგში წვრილი პარტიები მოითხოვენ.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არჩევნებში მთავარი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არიან.
ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე?>>
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.
გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.
ყველა ახალი ამბავი
0