ვადამდელი არჩევნები, როგორც ორპოლუსიანობის დაძლევის გზა - „გირჩის“ ხედვა

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ მეგრელიშვილი
ვახტანგ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
გამოწერა
თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი კვლავ შერეული სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს სჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბუნებრივი გამსვლელი ბარიერით, რომელიც დაასრულებს ორპოლუსიანობას და შესაძლებელს გახდის ახალი ადამიანების გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში, განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა, თუმცა ექს-პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მარგველაშვილის თქმით, საჭიროა პოლიტიკური ლიდერების ახალი ლეგიტიმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივი დაძაბულობა იქნება.

„ტექნიკურად, არსებული კრიზისიდან სწორი გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ლეგიტიმაციის განახლება ყველასთვის. მგონია, რომ მეც მაქვს გასაახლებელი ლეგიტიმაცია, ისევე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს. ასე მისვლა 2024 წლის არჩევნებამდე ცოტა საშიში მეჩვენება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები ბუნებრივი ბარიერის (0,67%) პირობებში უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკაში ახალი ადამიანის შემოსვლა არის ურთულესი ამოცანა, თითქმის შეუძლებელი.
ვადამდელი არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარება იქნება სტიმული ქართულ პოლიტიკაში არსებული ორპოლუსიანობის დასასრულებლად – ორი უმსხვილესი პარტიის, მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლისთვის.

„მაგალითად, დღეს თუ შენ პოლიტიკაში გინდა და ამ კონკრეტულ პარტიულ დისციპლინას არ ემორჩილები, ფაქტობრივად პოლიტიკიდან ვარდები. ეს პარტიები თავის პოლიტიკოსებს ინარჩუნებენ იმის ხარჯზე, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ თავიანთი პარტიების მიღმა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან მეგრელიშვილი დარწმუნებულია, რომ არც „ქართული ოცნება“, არც „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერენ მხარს ისეთ საარჩევნო სისტემას, რომლის პირობებშიც ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ.
დაინიშნება თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები - „ქართული ოცნების“ პასუხი >>
კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით.
თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი კვლავ ჩატარდება შერეული სისტემით (პარლამენტში 120 მანდატი გადანაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 მანდატი - მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს შორის) და ბუნებრივი ბარიერის პირობებში.
ყველა ახალი ამბავი
0