ქოლ-ცენტრების საქმე: გახარიას პარტიას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით თაღლითური სქემის მსხვერპლნი ევროპაში მცხოვრები პენსიონერები გახდნენ.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას შეისწავლის.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ВВС ამტკიცებს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იგივე „მისტერ ოფშორი" დავით კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან დგას, რომლის მსხვერპლიც მრავალი პენსიონერი გახდა ევროპაში. ევროპელ პენსიონერებს ტელეფონით არწმუნებდნენ, ჩაედოთ მომგებიანი კაპიტალდაბანდებები, სინამდვილეში კი მათ ფულს ითვისებდნენ. საუბარია ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.

„საზოგადოებაში ლეგიტიმურად ისმის კითხვები, როგორ მოხდა, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და BBC-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ უფრო მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა?!" – აღნიშნა ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.

პარტიაში ასევე სვამენ კითხვას, როგორ მოხდა, რომ ასეთი ფაქტების შესახებ იგებენ უცხოეთიდან და არა ქართული სამართალდამცველი ორგანოებისგან.
უახლოეს მომავალში საერთაშორისო გამოძიება ამ საკითხზე კონკრეტულ შედეგამდე მივა, მიიჩნევს პოლიტიკოსი. ხოლო ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება რეპუტაციასთან დაკავშირებულ ზარალთან ერთად, რომელიც ქვეყანას იმის გამო მიადგა, რომ დანაშაული საქართველოს ტერიტორიიდან ხდებოდა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ჩხრეკა ბიზნეს-ცენტრში თბილისში: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ისტორია გრძელდება>>
„ამიტომ გთავაზობთ, პარლამენტში შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური ჩავარდნების გადაზღვევას და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ", – განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ასევე დაადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის მიზეზებს, გამოავლენს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გავლენიან მფარველებს.
ქოლ-ცენტრების საქმე
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ევროკავშირის ელჩი კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალზე>>
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
„ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე: საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს>>
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა "მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
ვინ დგას საქართველოში რევოლუციური პროცესების და კეზერაშვილის უკან - კობახიძის განმარტება>>
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0