„ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე - საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა, კერძოდ, ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხუთი პირი დააკავეს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა ევროჯასტის (Eurojust) მხარდაჭერით მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს მრავალი სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უფრო ადრე Eurojust-მა გამოაქვეყნა განცხადება სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარდა, და რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინ–პლატფორმისა და დანაშაულში მონაწილე პირების გამოვლენისკენ.

„ერთ-ერთ ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33.000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც, სავარაუდოდ, მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რაც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა.
საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა საქართველოს პროკურატურა საქართველოში Eurojust-ის მეკავშირე პროკურორთან ერთად.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს პროკურატურისა და გერმანიის სამართალდამცველი სტრუქტურების შესაბამისი წარმომადგენლების ჩართულობით იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით.
დეპუტატი: კეზერაშვილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანია>>
დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დაკავებულია შესაძლო დანაშაულში მონაწილე ხუთი პირი. ასევე გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
Eurojust ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით 2002 წელს შეიქმნა. მის ამოცანას წარმოადგენს ეფექტური ბრძოლა მძიმე დანაშაულთან ევროკავშირის ფარგლებში უფრო მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის გზით.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასტის მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში საქართველოში ჩატარდა მასშტაბური ღონისძიებები ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრებისა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა.
სკანდალი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირგვლივ: კეზერაშვილი ქოლ-ცენტრებთან კავშირს უარყოფს>>
ამოღებულ იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებას და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.
საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ევროჯასტს და გერმანიის საგამოძიებო სტრუქტურებს ეფექტური თანამშრომლობისთვის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში.
ოპოზიციონერი დეპუტატი - კეზერაშვილისგან დისტანცირებაა საჭირო>>
უფრო ადრე გამოქვეყნდა ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.
ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრების“ დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს“.
სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
ახალი სკანდალი: რაში ხარჯავს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოპარულ ფულს>>
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის“ ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან. ეს კომპანიები ჯერ კიდევ „მილტონის ჯგუფის“ შექმნამდე არსებობდა.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე“ არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის“ მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი“ სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
ქართული პოლიტიკის „შავი ბუღალტერია“ ანუ ვის აფინანსებს კეზერაშვილი>>
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს. მათი თქმით, კეზერაშვილი ოლიგარქია.
ყველა ახალი ამბავი
0