დეპუტატი: კეზერაშვილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანია

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში დავით კეზერაშვილს დიდი ხანია ოლიგარქად მოიხსენიებენ.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ყველაფერს მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ როცა გამოძიებას მაღალი რეპუტაციის მქონე მედია აწარმოებს, ეს ბევრზე მეტყველებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.

„როდესაც ადამიანს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი, ცხადია, ის არ იცვლება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რა პოზიციაშიც არ უნდა წარმოაჩენდეს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ამორალური კრიმინალური დანაშაულია, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს", – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს და გამოძიება უნდა ჩატარდეს. მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილის მიერ ქართული ჯარიდან სოლიდური თანხის მოპარვის ფაქტი უკვე გამოძიებულია.

„ამ ადამიანისთვის არაფერია უცხო, რადგანაც მას არანაირი რესურსი არ გააჩნდა და სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც საქართველოში მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ასევე მედიის ნაწილს, თანამდებობაზე ნიშნავს და ასპარეზზე გამოჰყავს გარკვეული ხალხი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს. მათი თქმით, კეზერაშვილი ოლიგარქია.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
კეზერაშვილის საქმე: „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია>>>
BBC-ს გამოძიების კომენტარისას „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კეზერაშვილზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ხელისუფლება ამ თემას საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით იყენებს.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, ეს ისტერიკაზე მიუთითებს... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ სივრცეში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს კეზერაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერებისგან მოპარულ ფულს ქართულ ოპოზიციაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხარჯავს.
თავად კეზერაშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახით მისი მონაწილეობა საერთაშორისო თაღლითურ სქემაში, რომელზეც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
ოპოზიციონერი დეპუტატი - კეზერაშვილისგან დისტანცირებაა საჭირო>>>
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. გამოცემის ცნობით, ამგვარ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან. ეს კომპანიები ჯერ კიდევ „მილტონის ჯგუფის“ შექმნამდე არსებობდა.
BBC-ს მტკიცებით, ამ კომპანიების კვალი კეზერაშვილთან მიდის.
ყველა ახალი ამბავი
0