კეზერაშვილის საქმე: „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
ადამიანი უდანაშაულოა, სანამ მის ბრალს არ დაადგენს სასამართლო, შეახსენა ნიკა მელიამ ოპონენტებს.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება. ასეთი კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ВВС-ს მიერ გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.
როგორც მელიამ აღნიშნა, ადამიანი დამნაშავე არ არის, ვიდრე მის ბრალს სასამართლო არ დაამტკიცებს – ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ამოსავალი წერტილია. მისი სიტყვებით, ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება ვერ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს „გამოსავალს“, „ახსნასა“ და „განმარტებას“ ეძებენ“, – დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციისთვის ერთადერთი ოლიგარქია ქვეყანაში. მაშინ როცა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ოლიგარქს უწოდებენ ოპოზიციონერებს, მათ შორის, კეზერაშვილს, რომელზეც სახელმწიფოს ძებნა აქვს გამოცხადებული.
ნიკა მელიას თქმით, ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე.

„მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალსა“ და „ახსნას“ ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება“, – აღნიშნა მელიამ.

მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს. მათი თქმით, კეზერაშვილი ოლიგარქია.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.

სკანდალური გამოძიება

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. გამოცემის ცნობით, ამგვარ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან. ეს კომპანიები ჯერ კიდევ „მილტონის ჯგუფის“ შექმნამდე არსებობდა.
BBC-ს მტკიცებით, ამ კომპანიების კვალი კეზერაშვილთან მიდის.
ყველა ახალი ამბავი
0