ახალი სკანდალი: რაში ხარჯავს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოპარულ ფულს

© AFP 2024 / ANNE-CHRISTINE POUJOULATდავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში დავით კეზერაშვილს დიდი ხანია ოლიგარქად მოიხსენიებენ.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ევროპელი პენსიონერებისგან მოპარულ ფულს ხარჯავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. გამოცემის ცნობით, ამგვარ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals.
„ქართული ოცნება" კეზერაშვილის განცხადებაში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს>>>
„კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე... ადამიანი, რომელმაც ჯერ ქართულ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, დღეს თავისი ფინანსებით პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
პარლამენტის სპიკერმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა „კეზერაშვილი ევროპას აფარებს თავს“. პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის უწყების ყოფილი მინისტრი საქართველოში არეულობას იქიდან გეგმავს.

„სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომა მეორდება, რაც მოხდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როცა იგი ევროპის ქვეყნებს აფარებდა თავს და იქიდან აქ ვითარების არევას ცდილობდა. ახლა კეზერაშვილი ევროპის ქვეყნებში იმალება და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები სერიოზულად მოეკიდებიან საკითხს და კეზერაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, რათა მან ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადოს.

„ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, რომ ადამიანმა, რომელსაც საქართველოში მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი საქართველოში მოიხადოს, ისევე, როგორც წინა რეჟიმის სხვა დამნაშავეებმა, რომლებიც თავს აფარებენ სხვადასხვა ქვეყნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0