საქართველოს პრეზიდენტი: ქვეყნის იმიჯია გამოსასწორებელი

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი შიშობს, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ნეგატიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. აუცილებელია სასწრაფოდ მუშაობის დაწყება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯის აღსადგენად, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
იმიჯის აღსადგენად შესაძლო ქმედით ნაბიჯებად პრეზიდენტმა, მათ შორის, დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა და სრული გამოძიების დაწყება.
„რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, მის მიმართ ნდობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა წყენის დრო არ არის.
სანქციები თუ შეზღუდვები – ელჩმა მოსამართლეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დააზუსტა>>
„მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა, რატომ მოხდა და რა არის გამოსასწორებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ იცოდა, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმის ჩატარება.
„საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამავე დროს, პრეზიდენტი შიშობს, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის, შესაძლოა, ნეგატიური სიგნალი გახდეს.
„მტკიცებულებების გარეშე“ – „ხალხის ძალა“ მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ–ის სანქციებზე>>
„ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში მაშინ, როცა საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წლის ბოლოს ელოდება.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და ახორციელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
კალაძე: „სანქციებით ვერ შემაშინებთ">>
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებისთვის სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
ყველა ახალი ამბავი
0