ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა

© Georgian National Museumლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად 2016 წლის სექტემბერში აღიარეს.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. პარიზთან ახლოს მდებარე ლევილის მამულში ოფიციალურად შეიქმნა ქართულ–ფრანგული მემორიალური მუზეუმი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მამულის პირველ სართულზე ისტორიული სივრცის მოწყობა იგეგმება, სადაც მოეწყობა ლევილის ქართულ–ფრანგული მემორიალური მუზეუმის ნაწილი.
ახალი მუზეუმისთვის შექმნილია კონცეფციის სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები, მათ შორის, არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლეევან თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის არქივის ხელმძღვანელი ირაკლი იაკობაშვილი, ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი კრისტინ ფაღავა-ბულე.
რა კეთდება ლევილის მამულში>>
უკვე 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ლევილის მამულში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება.
ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში შევიდა, სადაც ასევე შედის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება>>
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.
ყველა ახალი ამბავი
0