რა კეთდება ლევილის მამულში

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
საფრანგეთში მდებარე ქართული მამულის აღდგენას საქართველოს მთავრობა გადმოცემიდან 10 წლის შემდეგ, 2026 წელს დაასრულებს.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის პარკში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 სექტემბრიდან ლევილის მამულში მწვანე საფარის მოწესრიგების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს.
„მამულის 3,4 ჰა ტერიტორიაზე გაშენებულ პარკში დაგეგმილი სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებების გათვალისწინებით, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, ვინაიდან ისინი თავისი მასშტაბით ყველაზე კომპლექსურია ბოლო 20 წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბალახით დაფარული ტერიტორიისა და სავალი გზების გაწმენდის გარდა, სამუშაოები მოიცავს მამულის ტერიტორიის დღემდე გამოუყენებელი ზონების ხვიარებისა და ეკალ-ბარდებისგან გათავისუფლებას, პარკის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა მცენარის გადაბელვას, ხმელი ტოტებისა და ზეხმელი ნარგავების მოჭრას, ვაზისა და სხვა მცენარეების (ვარდი, კვიპაროსი, კედარი და მრავალი სხვა) გასხვლასა და ფორმირებას.
სამუშაოების შემდეგ მცენარეული ნარჩენები დაქუცმაცდება და წინასწარ განსაზღვრულ ზონებში მიმოიბნევა არასასურველ მცენარეთა ხელახალი გაზრდის პრევენციისთვის. სამუშაოებს ფრანგული კომპანია „სკოპ ვალ’ამპლუა“ ახორციელებს.
კულტურის სამინისტრო ლევილის მამულის სარესტავრაციო პროექტს გაეცნო>>
ლევილის მამული საქართველოს ხანგრძლივი და კომპლექსური მოლაპარაკებების შედეგად 2016 წლის სექტემბერში გადმოეცა.
მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შემდეგ პროექტი სამართავად გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მამულის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ორანჟერეის ნაწილის რეაბილიტაცია წარმატებით განახორციელა.
2021 წლის ზაფხულში პროექტი, რომლის სახელწოდებაა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
მამულის სრული რეაბილიტაცია გადმოცემიდან 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით.
პარალელურად საქართველოში დაწყებულია ლევილის მამულის პარკში განსათავსებელი ქართული ოდის მშენებლობის პროცესი, კერძოდ, დამტკიცდა პროექტი, რომლის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შესაბამისი ხის მასალის დამზადების სამუშაოები.
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება>>
მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადმოცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0