როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს - PACE-ს დელეგაციის ვიზიტის შედეგები

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სიმბოლიკა
ევროკავშირის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
PACE-ს დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარდგენისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მიმართულებით რეალიზებული საკანონმდებლო ინიციატივები იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტის მთავარი თემა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოში გაცნობითი სახის ვიზიტით 27 მარტს ჩამოვიდნენ და ორი დღის განმავლობაში მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, პოლიტიკურ ვითარებასა და პოლარიზაციაზე, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და ადამიანის უფლებების პრობლემებზე.
დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, სადაც მათ შეხვედრები გამართეს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციასთან.
ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება შეიძლება 2023 წელს მიიღონ>>
საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ევროპელმა კოლეგებმა მოისმინეს ინფორმაცია რეკომენდაციების რეალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროგრესზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც არის ჩვენთვის უმთავრესი საკითხი. მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივები გვქონდა, რა საკითხებთან დაკავშირებით არის უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სხვადასხვა კანონთან მიმართებით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები დელეგაციის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.
როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის რეალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ზომებს, მიმდინარე ვითარებასა და მომავლის პრიორიტეტებს.
დარჩიაშვილი: პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია>>
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ განხორციელებული და სამომავლო რეფორმების კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა შენარჩუნებული იქნება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე.
მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს სარჯველაძეს მიმდინარე რეფორმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
იმის თაობაზე, რომ საქართველო კანონების მიღებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ევროპელ კოლეგებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, რა ნაბიჯები გადაიდგმება იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც განსახილველად იურიდიულ კომიტეტში დარჩა. ესაა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, ასევე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.
დეოლიგარქიზაცია და დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილია.
„ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და „ეუთო/ოდირიდან“ მიღებული გვაქვს დასკვნები. ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, იქნება გათვალისწინებული და ასე იქნება ყველა კანონი მიღებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიამ მარტის შუა რიცხვებში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, ასევე კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შესწორებებთან დაკავშირებით პარლამენტს თავისი დასკვნა გამოუგზავნა შენიშვნებით.
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 პირობას? დარჩიაშვილმა ბორელს დეტალები გააცნო>>
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მეორე მოსმენით განსახილველად დააბრუნა. ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკები დაინახა.
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არსებული სახით ხელისუფლებას ზედმეტ გავლენას ანიჭებს პროცესზე.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
სასამართლო რეფორმა
დასვნის თანახმად, ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.
ვენეციის კომისიის აზრით, გასათვალისწინებელია ასევე მოსამართლეთა მათი თანხმობის გარეშე მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით.
კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“: პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს განიხილავს>>
ასევე გასათვალისწინებელია რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კომისია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი დებულებების პროექტს დადებითად აფასებს. ამასთან, მისი რეკომენდაციით, ეს პროცესი უნდა შეიკვეცოს და გამარტივდეს, ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადრინდელი და სამომავლო გადაწყვეტილებები.
შეხვედრები ოპოზიციასთან
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროპელ კოლეგებს აინტერესებდათ, იყო ის, მონაწილეობდა თუ არა ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამუშაო შეხვედრებში და 12 პუნქტიანი გეგმის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში ნულის ტოლია. ამ დროს რეკომენდაციების შესრულების სამუშაოების ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა 82-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო.
ოპოზიცია სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს არ ასრულებს - ირაკლი ჩიქოვანი>>
ამავე დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ სწორედ ისინი არ აკეთებენ არაფერს სტატუსის მისაღებად და, უფრო მეტიც, საქართველო პროდასავლური კურსიდან უხვევს.
„ჩვენ ხელისუფლების მიერ შესრულებულ პროცესს ნეგატიურად ვაფასებთ, ანუ, დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა დიდი დარტყმა იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ სალომე სამადაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ერთი მხრივ, იმას, თუ რა ბერკეტის გამოყენება შეიძლება მოქმედ ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ, როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს თავისი უფლება, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის აზრით, მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება საკმარისი არ არის. მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ევროპულად და ევროპული ღირებულებების შესაბამისად იმართება.
„მხარს ვუჭერთ, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური პროცესებისა, რათა ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთთან და იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა სამნიძემ.
კობახიძე: ოპოზიცია არ მალავს, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს>>
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე დაისვა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საკითხი.
სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ახლობლები, ადვოკატები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ სამკურნალოდ. სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი კიდევ სამი საქმე განიხილება.
რაც შეეხება გვარამიას, მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მლნ ლარის ოდენობის ზარალის მიყენებისთვის.
„დეპოლარიზაცია წარმოუდგენელია მოხდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხების სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილმა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ევროკომისიის მოთხოვნების შესრულება არა ზედაპირულად, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, აღნიშნა მან.
დეპოლარიზაცია 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
გუშინ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0