კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“: პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს განიხილავს
22:45 14.03.2023 (განახლებულია: 00:37 15.03.2023)
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების მუშაობის გამჭვირვალობასა და მოსამართლეთა არჩევის პროცესს ეხება.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმასა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთში საქართველო დაავალდებულა, უზრუნველყოს სრულყოფილი და დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. პარლამენტმა შეიმუშავა შესაბამისი ცვლილებები და გაუგზავნა ვენეციის კომისიას, რომელიც ევროპული საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს.
„რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, რაიმე შენიშვნა ვენეციის კომისიას არ გააჩნია. ამასთან ერთად აქვს წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვენეციის კომისიამ იმსჯელა არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ, ზოგადად, შეაფასა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისივე გამოცემული რეკომენდაციები და ამ ჭრილში განიხილა. აქვს დამატებითი რეკომენდაციები, რომლებზეც, ასევე, გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ვენეციის კომისიის დასკვნა
ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას.
„მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნულია დასკვნაში.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.
ვენეციის კომისიის მიხედვით, გასათვალისწინებელია ასევე მოსამართლეთა მათი თანხმობის გარეშე მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით.
ასევე, გასათვალისწინებელია რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კომისია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი დებულებების პროექტს დადებითად აფასებს. ამასთან, მისი რეკომენდაციით, ეს პროცესი უნდა შეიკვეცოს და გამარტივდეს და ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადრინდელი და სამომავლო გადაწყვეტილებები.
ახალი რეფორმის დეტალები
პროექტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე შეიძლება გაიცეს დაინტერესებულ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სრულ საქმეზე, საჯარო ინფორმაციის სახით.
რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის საკითხს, ცვლილებები ითვალისწინებს საქალაქო/რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისთვის იგივე წესების შემოღებას, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისას.
გარდა ამისა, იხვეწება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სარჩელების განხილვის პროცედურა სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, სადაც კანდიდატები მათი შერჩევის პროცესში მათ მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ისევ პარლამენტი დანიშნავს. ამასთან, ერთი კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას ორჯერ ვერ დაიკავებს.