ბრძოლა ოლიგარქებთან: როგორ აპირებენ საქართველოში პრობლემის გადაწყვეტას

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2023
გამოწერა
მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ აქტუალობას არ კარგავს – ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტთან სისტემური მიდგომის გარეშე კანონპროექტი პრობლემას ვერ გადაჭრის.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განსახილველად დააბრუნეს, რათა გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მანამდე ევროპის საბჭოსთან არსებული საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ კანონპროექტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკები დაინახა.

„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ეს კანონი, სულ რომ კარგი კანონი მიგვეღო, ვერ უზრუნველყოფდა დეოლიგარქიზაციას“, – განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალდამცველი, ანტიკორუფციული და საარჩევნო სისტემები.
„საბოლოო ჯამში სწორედ ეს უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, სწორედ ეს არის სისტემური მიდგომა. სწორედ სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც იქნება ძირეული რეფორმების გატარება სასამართლო, სამართალდამცველი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით“, – აღნიშნა დაუშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციას, სადაც სისტემურ მიდგომაზეა საუბარი.
აქუბარდიას განცხადებით, პროცესში მონაწილეობით ის ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება, თუ ამ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ აისახება.
საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა>>
ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, კარგად მოუსმინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე კი არ უნდა დააბრუნოს, არამედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გულწრფელად წაიკითხოს, სადაც ნახავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ოლიგარქიასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი არა ცალკეული საკანონმდებლო აქტის მიღება, არამედ ჩრდილოვანი მმართველობისთვის სისტემური ბრძოლის გამოცხადებაა.
„ქართული ოცნების“ პოზიცია
მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ უკრაინული კანონის ანალოგი შექმნეს, რადგანაც მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, სპეკულაციების გამოსარიცხად „ოცნება“ ობიექტური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.
ვენეციის კომისიის დასკვნა ოპოზიციის მტკიცებების საწინააღმდეგოა - დეპუტატი>>
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვენეციის კომისიამ ორი მიდგომა მონიშნა და უპირატესობა სისტემურ მოდელს მიანიჭა, თუმცა არ გამორიცხა საკითხის ინდივიდუალური მოდელით დარეგულირებაც. კომისიამ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე კანონის მიღება სრულიად შესაძლებელია.

„პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მისი რეკომენდაციები იქნება მიღებული. ეს ნიშნავს, რომ თუ კრიტერიუმები იქნება გაწერილი, ინდივიდუალური მიდგომა ვენეციის კომისიისთვის მისაღებია და უნდა დაზუსტდეს ტერმინები, თუ რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

რა წერია დასკვნაში
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არსებული სახით ხელისუფლებას ზედმეტ გავლენას ანიჭებს პროცესზე.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
რა მიიღო პარლამენტმა?
კანონპროექტის მიხედვით, „ოლიგარქი“ არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში“ შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი.
საქართველო განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დეოლიგარქიზაციის შესახებ>>
კერძოდ, თავად ოლიგარქს და მის ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეკრძალება პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება, ასევე თანხების გადარიცხვა კანდიდატების საარჩევნო ფონდში.
ოლიგარქებს ასევე ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება რაიმე პოლიტიკური მოთხოვნით ჩატარებულ ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის ან აქციის დაფინანსებაში და ასევე მონაწილეობის მიღება მასშტაბურ საპრივატიზაციო პროექტებში.
ყველა ახალი ამბავი
0