საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები დაინახა
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ მეორე მოსმენით განიხილავს, რათა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ, საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკები დაინახა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„ჩვენი ამოცანაა დოკუმენტზე საკომიტეტო მსჯელობა გავაგრძელოთ და დავაზუსტოთ საკითხები, რაც, ვენეციის კომისიის შეფასებით, დაზუსტებას და გამართვას საჭიროებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამიტომ კანონპროექტი არ განიხილება მესამე, ანუ საბოლოო მოსმენით, არამედ გასწორდება და შემდეგ ისევ მეორე მოსმენაზე დაბრუნდება.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არსებული სახით ხელისუფლებას ზედმეტ გავლენას ანიჭებს პროცესზე.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემოწმება – ვენეციის კომისია >>
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შექმნეს უკრაინის კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.

რა მიიღო პარლამენტმა?

კანონპროექტის მიხედვით, „ოლიგარქი“ არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში“ შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი.
კერძოდ, თავად ოლიგარქს და მის ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეკრძალება პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება, ასევე თანხების გადარიცხვა კანდიდატების საარჩევნო ფონდში.
ოლიგარქებს ასევე ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება რაიმე პოლიტიკური მოთხოვნით ჩატარებულ ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის ან აქციის დაფინანსებაში და ასევე მონაწილეობის მიღება მასშტაბურ საპრივატიზაციო პროექტებში.
ყველა ახალი ამბავი
0