საქართველო განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დეოლიგარქიზაციის შესახებ

© courtesy of David Narmaniaევროპის საბჭოსა და საქართველოს დროშები
ევროპის საბჭოსა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია ერთ–ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველო განიხილავს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვენეციის კომისიაში მოთხოვნა მას შემდეგ გაგზავნა, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ურჩიეს, დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე ორი მოსმენით მიღებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართულ კანონპროექტზე.
„არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები, ძირითადად, ტერმინოლოგიის დაზუსტებებს ეხება.
„აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისია დაზუსტების რეკომენდაციას იძლევა, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მასმედიაზე გავლენა და ა.შ. – ეს ცნებები უფრო დეტალური და დაზუსტებული უნდა გახდეს.
გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, რეკომენდაციები ასევე ეხება ოლიგარქებად აღიარების პროცედურებსა და გადაწყვეტილების პროპორციულობის უზრუნველყოფას.
ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია არაა წინააღმდეგი, რომ საქართველომ კანონის უკრაინული ვერსია მიიღოს. ის ამას მისაღებად მიიჩნევს.
კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
ისტორიული პროცესი მალე საქართველოს ევროკავშირის წევრობით დამთავრდება - პრემიერი>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტს არ განიხილავენ მესამე, საბოლოო მოსმენით მანამდე, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას, და არა გადმოკოპირებული უკრაინული კანონი, რომელიც უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0