„კეზერაშვილი ჩვენი სანტაა" - ირაკლი კობახიძე თავდაცვის ექს-მინისტრის საჩუქრებზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობა" თავისი მომხრეების თუნდაც 30%-ის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, დარწმუნებულია მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ლევან ხაბეიშვილის სახით უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგნენ, მხარს უჭერენ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებზე თავმჯდომარედ აირჩიეს.

„კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ–სანტა", რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი. დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ „რა ადამიანებთან გვაქვს საქმე". მისი თქმით, კეზერაშვილი, რომელიც ქართული არმიისა და ბიზნესის რეკეტითა და ძარცვით მულტიმილიონერი გახდა, დღეს „ნაცმოძრაობის" მთავარი ლიდერია.
მერაბიშვილი კი ღიად ამბობს, რომ თუ ის ხელისუფლებაში დაბრუნდება, გაიხსნება მეორე ფრონტი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის", – განაცხადა კობახიძემ.
ბოლო პერიოდში მერაბიშვილმა რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურ მოქმედებებზე გადავა. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.
„ქართული ოცნება" მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს - ღარიბაშვილი>>
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რთული წარმოსადგენია, რომ „ნაცმოძრაობამ" თავისი მომხრეების თუნდაც 30 პროცენტის ნდობა შეინარჩუნოს.
„ფული არის მათი ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, რაც არის „ნაცმოძრაობის" რესურსი, ისინი ეცდებიან, რომ ის რესურსი შეინარჩუნონ", – განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას" დავით კეზერაშვილი აფინანსებს და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს გავლენიანი პოლიტიკოსი ახლა ოლიგარქია.
ვინ ვინ არის
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა“ დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
ახალი რეალიები ენმ-ში და მერაბიშვილის როლი - ოპოზიციაში პარტიის პერსპექტივები შეაფასეს>>
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ხუთ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
„ეს „ნაცმოძრაობის“ სისუსტის შედეგია“ - კობახიძე საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე>>
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
ყველა ახალი ამბავი
0