დესტრუქცია თუ სარგებელი - როგორ გამოეხმაურა ოპოზიცია მერაბიშვილის გააქტიურებას

© Sputnik / Alexander Imedashviliვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჩინოვნიკმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ციხეში თითქმის 7 წელი გაატარა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს დესტრუქციის გარდა სხვა არაფერი მოაქვს, განაცხადა ბაჩო დოლიძემ, საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„ვანო მერაბიშვილის სხვა განცხადებას გამოვყოფდი, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ თურმე პარტია საერთოდ არ აქტიურობდა და განცხადებებს არ აკეთებდა უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის უტიფარი ტყუილი, აბსურდი... მასთან მიმართებაში ჩემი პოზიცია იცით, რომ დესტრუქციის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი არ მოაქვს“, – განაცხადა დოლიძემ.

საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება

მერაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და მხარდამჭერი, მას მრავალი წლის განმავლობაში ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობები და გასაკვირი არ არის, რომ მისი აზრი საერთაშორისო მედიას აინტერესებს, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, მერაბიშვილს აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და პოზიცია. კითხვაზე, იგეგმება თუ არა მერაბიშვილთან რაიმე თანამშრომლობა, ნადირაძემ აღნიშნა, რომ ის დიდი ხანია პოლიტიკაში არ არის.
როგორც კი „გრამ" ხელისუფლებას მიიღებენ, ბრჭყალებს გამოაჩენენ - პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე" >>

„ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში არის თუ არა, ეგეც კი არ ვიცი. შესაბამისად, აქციებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე, სამდივნო და პოლიტიკური საბჭო ერთობლივად იმოქმედებენ. ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში აღარაა და ამის შესახებ არაერთხელ აქვს გაცხადებული“, – თქვა ნადირაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მერაბიშვილი უჭერს მხარს, მოსახლეობას 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან აქამდე პარტიის ლიდერები მრავალი წლის განმავლობაში არამცთუ აქციების მოწყობას, არამედ სპონტანურად დაწყებული აქციების განვითარებასაც კი არ ცდილობდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მერაბიშვილს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში შეძლებს ქუჩაში რეალური პროტესტის ნახვას.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში, ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სარგებელი „ქართული ოცნებისთვის“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის გააქტიურება მომგებიანია მმართველი პარტიისთვის და მხოლოდ „ქართული ოცნების“ გაძლიერებას უწყობს ხელს.

„მისი წარსულიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე დადებითი როლის შემოტანა შეეძლოს პოლიტიკაში, რადგან, გარდა იმისა, რომ მან მოიხადა სასჯელი, მორალური გამოწვევა, მისი წარსულიდან გამომდინარე, არსად წასულა“, – განაცხადა აქუბარდიამ.

„კეზერაშვილი ჩვენი სანტაა" - ირაკლი კობახიძე თავდაცვის ექს-მინისტრის საჩუქრებზე >>
ოპოზიციონერის თქმით, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ამას ყოველთვის გამოიყენებს „ქართული ოცნება“.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ დამატებითი მაშველი რგოლი „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ვანო მერაბიშვილი

„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
ყველა ახალი ამბავი
0