განათლების სამინისტრო: საპროტესტო აქციების მონაწილეები არავის არ დაუბარებია

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მთავარი როლი სტუდენტებმა შეასრულეს
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტების უწყებაში დაბარების ფაქტს, იტყობინება სამინისტროს პრესსამსახური.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტები განათლების სამინისტროში დაიბარეს.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მხოლოდ ამის შემდეგ მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზადყოფნა, აღნიშნულია განცხადებაში.
„საუკუნის პიარ-თაღლითობა“ - კობახიძემ პროტესტების მთავარი მიზანი დაასახელა >>
უწყებაში აღნიშნეს, რომ სამინისტროსთვის განათლების სისტემის პოლიტიზირება და ამ სფეროს პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.
განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა. შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.
როდესაც საზოგადოება წინააღმდეგია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„ჯერ ჩაცხრება, მერე გამწვავდება“ - პოლიტოლოგი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ>>>
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
ყველა ახალი ამბავი
0